ფინეთში მუნიციპალური არჩევნები დაახლოებით ორი თვით გადაიდო. მიზეზი ეპიდსიტუაციაა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, განცხადება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა.
მუნიციპალური არჩევნები ფინეთში აპრილის შუა რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით დაახლოებით ორი თვის შემდეგ – 13 ივნისს შედგება.
„ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სამინისტროს გათვლებით, 18 აპრილისთვის, ინფიცირების დღიური ოდენობა შესაძლოა 2 600-დან 11 200-მდე იყოს. ეს შემაშფოთებელი მონაცემია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ანა-მაია ჰენრიკსონმა და დასძინა, რომ მთავრობა ჯანდაცვის უწყების პროგნოზების უგულებელყოფას ვერ მოახდენს, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გადაიდოს.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში რჩევნები მაინც რომ ჩატარდეს, ა ეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს, არამედ ეჭვის ქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება.
ცნობისთვის, ფინეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 62 500-ს სცდება, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ჯამში 774 ადამიანი ემსხვერპლა.