ავტრალიაში დაბადებული ამერიკელი მედიამაგნატი და მილიარდერი, 91 წლის რუპერტ მერდოკი რიგით მეოთხე ცოლთან, სუპერმოდელ ჯერი ჰოლთან ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინებას გეგმავს, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. საინტერესოა, რომ წყვილის განშორების ამბავს ბევრი მოულოდნელობად აფასებს – ქორწინების შემდეგ, მერდოკმა Twitter-ზე დაწერა, რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი იყო, რის გამოც, პლატფორმაზე აღარაფერს დაწერდა.
როგორც ირკვევა, განქორწინება მერდოკის მედია-იმპერიაში შემავალი კომპანიების წილებზე გავლენას არ მოახდენს, რადგან დიდი ხანია, რაც Fox News-ის, The Wall Street Journal-ისა და სხვა მედიაპლატფორმების მფლობელ კომპანიას ტრასტი მართავს. ტრასტში ხმის მიცემის უფლებები, თავის წილ, მერდოკსა და მის ოთხ უფროს შვილს შორის ისეთნაირადაა დაყოფილი, რომ მათ მილიარდერის გადაწყვეტილების გადაწონვა არ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ რუპერტ მერდოკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას Forbes-ი $17.7 მილიარდად აფასებს. აქვე გეტყვით, რომ მერდოკი ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგშიც მოხვდა – მამამისის მიერ დაარსებული შედარებით მცირე მასშტაბის მედიაკომპანია მას მემკვიდრეობით 22 წლის ასაკში მამამისის გარდაცვალების შემდეგ ერგო.