ანგარიში: წელს TikTok-ის სარეკლამო შემოსავალი Twitter-ისა და Snapchat-ისას გადააჭარბებს

ანგარიში: წელს TikTok-ის სარეკლამო შემოსავალი Twitter-ისა და Snapchat-ისას გადააჭარბებს

კვლევითი კომპანია Insider Intelligence-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოპულარული ჩინური ვიდეოპლატფორმა TikTok-ის სარეკლამო შემოსავალი 2022 წელს გასამმაგდება და 11 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს რიცხვი კი, ანალიტიკოსების განცხადებით, მიმდინარე წელს Twitter-ისა და Snapchat-ის კომბინირებულ სარეკლამო შემოსავლებს გადააჭარბებს.

TikTok-ი ჩინური კომპანიის ByteDance-ის ონლაინპლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ აპლიკაციად მიიჩნევა. პლატფორმას 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

„TikTok-ის მომხმარებელთა ბაზა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის დრო კი, რასაც მომხმარებლები პლატფორმაზე ატარებენ – უპრეცედენტოა“, – განაცხადა Insider Intelligence-ის ანალიტიკოსმა, დებრა უილიამსონმა.

ცნობისათვის, Twitter-ი და Snapchat-ი 2022 წელს რეკლამებიდან, შესაბამისად, 5.58 მილიარდი და 4.86 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების მიღებას ელიან. TikTok-ის სარეკლამო შემოსავლის ნახევარზე მეტის, 6 მილიარდი აშშ დოლარის მიღება კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის ნავარაუდევი.