“ენერგეტიკა ქართული ეკონომიკის ხერხემალია”, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ქვეყანაში ახალი ჰესების მშენებლობა დაიწყოს.
“მომდევნო წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება სხვადასხვა სექტორების მხრიდან. მათ შორის გამოვყოფდი ტურიზმის სექტორს. პროექტები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს მუშაობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ დაიკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა. ისტორიულად წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ზამთარში ხორციელდებოდა“, – ამბობს ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ თუკი მოთხოვნის ზრდას მიწოდება ვერ დაეწევა, იმპორტზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდშიც გაიზრდება.
ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევებზე თიბისი კაპიტალმა კვლევაც წარადგინა. კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.