უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინამ მიმდინარე ომში საკუთარი მიზნები განაახლა. ამიერიდან, უკრაინელებისათვის ომში გამარჯვება არა რუსების 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე უკან დახევა, არამედ მათი უკრაინის ტერიტორიიდან სრულიად განდევნა იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამის თქმის საბაბს უკრაინელებს დასავლეთიდან მიღებული მძიმე სამხედრო ტექნიკა აძლევს.
აღნიშნული განცხადება დმიტრო კულებამ Financial Times-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი განმარტებით, რუსეთის შესუსტებული შეტევებისა და თავდასხმების ფონზე, უკრაინელთა თავდაჯერებულობა კიდევ უფრო იმატებს.
„ომის პირველ თვეებში გამარჯვებად რუსების 24 თებერვლამდე დაკავებულ ტერიტორიებზე უკან დახევა მიგვაჩნდა. თუმცა, ახლა თუკი ჩვენი საომარი მოქმედებებით დონბასის გათავისუფლებას შევძლებთ, მაშინ სრული გამარჯვება რუსების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა იქნება.“
გარდა ამისა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შავი ზღვის პორტების კვლავ ამუშავების ერთადერთი შესაძლებლობა რუსეთის დამარცხება იქნება. უკრაინა მხოლოდ ასე შეძლებს საკუთარი საექსპორტო ეკონომიკის გაცოცხლებას. თუმცა, მან ასევე განმარტა, რომ უფრო მეტი შეიარაღების მიღების შემთხვევაში უკრაინელებს რუსების ხერსონის რეგიონამდე უკან დახევა შეეძლებოდათ და შავი ზღვის პორტებთან გზასაც გაჭრიდნენ.
ზემოთ გაჟღერებული განცხადებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 მაისის რუსული სამხედრო აღლუმის გამართვიდან რამდენიმე საათში გაავრცელა. სფეროს მკვლევარები და ექსპერტები 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტისაგან სრული მობილიზაციისა და უკრაინისათვის ომის გამოცხადებას მოელოდნენ. თუმცა, მოვლენები ამგვარად არ განვითარდა. კულებას განმარტებით, ამით არაფერი შეცვლილა.
მან დასავლელ პარტნიორებს რუსეთის დამარცხებაში დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა. „რუსეთის დასამარცხებლად უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთს გაზისა და ნავთობის შემოსავლები უნდა შეუზღუდონ, რათა რუსული საომარი მანქანა შეჩერდეს“ – განაცხადა მან. გარდა ამისა, კულებამ დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.