მოსაზრების ავტორი გიორგი აბრამიშვილი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30–ე წლისთავზე ჩვენ ისევ მეზობელ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ვცდილობთ, რაც, ტრადიციულად, ბევრი ემოციისა და ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს. არც მეთოდები შეცვლილა ამ ხნის მანძილზე, არც მიზეზები – ჯერ კიდევ 80-იან წლებში, აქტიური პროპაგანდის ხელშეწყობით, ხალხში ჰესების მიმართ ნეგატიური განწყობა ჩაინერგა, რაც ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა ფობიით იყო გამყარებული. ვის აძლევდა ხელს მსგავსი პროპაგანდა? ფაქტია, რომ კიდევ ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გარშემო მეზობლებს, ჩრდილო კავკასიის ჩათვლით, საქართველოზე ენერგოდამოკიდებულს გახდიდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გავლენების გაზრდა კი არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აწყობდა. იმ პერიოდის საქართველოში ალტერნატიული თუ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიები არ არსებობდა და ჰიდროენერგეტიკა მწვანე ენერგიის ერთადერთი უალტერნატივო წყარო იყო. მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალების წაქეზებით, მაინც ჩნდებოდა მიზეზები, თუ რატომ არ უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკა და რატომ უნდა დავრჩენილიყავით მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ მონობაში.
პროცესი დღემდე გრძელდება და იმავე სცენარით, მაგრამ… როდემდე უნ და ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნების ახირებებზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, სადაც არ მუშაობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები?! თუ ნამდვილი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ქვეყნის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ტურიზმისა და აგრარული სექტორის გაძლიერებაზე, განათლების სისტემის რეფორმირებაზე და ა.შ. ეს რეალურია და შესაძლებელი ერთადერთ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკის დარგს განვავითარებთ და ჩვენი ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს – წყალს – ეფექტიანად და გონივრულად გამოვიყენებთ.
ამ სტატიაში შევეცადე, სამი ძირითადი კითხვისთვის გამეცა პასუხი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის განვითარება სახელწიფოსთვის, ბიზნესისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ხოლო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე გარემოს დაცვის კუთხით, თუ რატომ აყენებენ მცირე ჰესები გარემოს მინიმალურ ზიანს, რომელიც შეიძლება სასტუმროს მშენებლობასაც კი შედარდეს, ამაზე უფრო ვრცლად შემდეგში ვისაუბრებთ.
რატომ არის სახელმწიფოსთვის ჰიდროენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანი?
დღეს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, მიაღწიოს რეალურ დამოუკიდებლობას, რაც ეკონომიკური დამოუკიდებლობიდან იწყება. ეკონომიკური დამოუკიდებლობა კი ყველაზე მყარი საფუძველია პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის, რაც, საბოლოოდ, კონფლიქტური რეგიონების მშვიდობიანი გზით ინტეგრაციამდე მიგვიყვანს.
საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი სწორედ ტურიზმია, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში მატულობს. შარშან, ივლისის დასაწყისში, ენერგომოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებელს, 1920 მეგავატს მიაღწია. ტურიზმი გულისხმობს შემოსავლის წყაროების დეცენტრალიზაციასა და რეგიონების განვითარება-გაძლიერებას. ამას, გარდა სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, პირველ რიგში სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა.
ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც არის მოსალოდნელი – 2019 წელს 10.9%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, 2030 წლისთვის კი ენერგომოხმარება თითქმის გაორმაგდება (13 მლრდ კვტ-სთ-დან 24 მლრდ-ს მიაღწევს). ეს ნიშნავს, რომ საკუთარი განახლებადი რესურსების გამოყენებისა და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე არათუ გაიზრდება, არამედ ამ რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი ტექნიკურადაც შეუძლებელი გახდება და ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მივა. საქართველოდან მოხდება ასეულობით მლნ ლარის გადინება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის სასარგებლოდ, იმის სანაცვლოდ, რომ მოხდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დაბანდება ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, რაც შედეგად მოიტანს ბევრ სიკეთეს როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტისთვის, თემისა თუ სოფლისთვის და, ცხადია, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც. სწორედ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნებაა ის ძირითადი სიგნალი ინვესტორისთვის, რაც დამატებითი ინვესტიციების განხორციელების სურვილს აჩენს და რომელიც ასე ძალიან აკლია ენერგოსექტორს.
რატომ არის რეგიონებში ენერგოპროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის?
რეგიონებში ძირითადი პრობლემა დასაქმებაა. რეგიონებში ჰესების მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების კატალიზატორი იქნება, როდესაც, უმეტესწილად მივიწყებულ სოფლებში, თემს ფინანსურად ძლიერი წევრი ემატება, რომელსაც არაერთი ადგილობრივი პრობლემის მოგვარება შეუძლია. მშენებლობის პერიოდში, ენერგოპროექტების განხორციელების არეალში (თემები და სოფლები) მრავალ სოციალურ პროექტს ეყრება საფუძველი. შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანო: სვანეთში ჩვენი მცირე, 16-მეგავატიანი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პარალელურად, ადგილობრივებთან შეთანხმებით, ბავშვებისათვის ღია საცურაო აუზს ვაშენებთ, კაპიტალურად ვაწყობთ წყალმომარაგების სისტემას, რეაბილიტაციას ვუტარებთ წყალდიდობისაგან დაზიანებულ ხიდებს, მთლიანად ვაახლებთ ელექტრომომარაგების შიდა სასოფლო სისტემას, რეაბილიტაციას ვუტარებთ შიდა სასოფლო და მთებში გამავალ გზებს, ვაწყობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურას, რომელიც შესაბამისი სერვისითაც იქნება უზრუნველყოფილი. რაც მთავარია, ყველა ამ პროექტის განხორციელებისა და ძირითადი მშენებლობის პროცესშიც 60-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე, საერთო ჯამში კი ჩვენი ქვეყნის 100-მდე მოქალაქეა დასაქმებული. აღნიშვნის ღირსია, რომ მათი საშუალო ხელფასი 1000 ლარს აღემატება.
არ უნდა დავივიწყოთ ირიბი დასაქმებულებიც, რომლებიც მთლიანი ჯგუფის კვებას უზრუნველყოფენ, დასაქმებულებს სასტუმრო მომსახურებას უწევენ, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები, საიდანაც მასალების შესყიდვა ხდება. ჩვენი კომპანია მომავალი თაობის განათლებაზეც ზრუნავს – ორი ახალგაზრდის სწავლას ვაფინანსებთ. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია იმ პროექტებს შორის, რომლებიც უკვე ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მსგავსი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენი ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რის მიხედვითაც ენერგეტიკული პროექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ხოლო რაც მთავარია, ამ თანხის 40-50% დაიხარჯება ენერგოპროექტის მშენებლობის არეალში მოხვედრილი სოფლებისა და თემების განვითარებისათვის. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება ხელშესახები ენერგოპროექტების განხორციელებით მიღებული მატერიალური სიკეთეები. ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია იყოს ე.წ. მუნიციპალური ფონდების შექმნა, სადაც, გადასახადის გარდა, ინვესტორების მიერ სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი თანხების აკუმულირებაც მოხდება იმ მიზნით, რომ მუნიციპალიტეტებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს თანხები საჭიროების მიხედვით მართონ.
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ენერგოგენერაციის პროექტები და მათი განვითარება?
ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის სამი ძირითადი სვეტიდან (pillars), რომელსაც მთლიანი სტრატეგია ეფუძნება, ერთ-ერთია უსაფრთხო და სტაბილური წვდომა ელექტროენერგიაზე მაქსიმალურად კონკურენტულ ფასში. ვინაიდან ყველა ტიპის ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჰქონდეს უსაფრთხო და სტაბილური წვდომა ელექტროენერგიაზე და ფასების ფორმირებაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ხდებოდეს და არა პოლიტიკური მოტივაციებით, როცა მეზობელი ქვეყნების მხრიდან არასწორი სიგნალების მიღების შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საწინდარია, ხოლო ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, ჩვენი ეკონომიკა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი იქნება რეგიონში. ამის მიღწევა კი ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია.
როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, თუ საკუთარი განახლებადი რესურსების მეშვეობით ენერგეტიკას არ განვავითარებთ?! საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კილოვატ–საათია. ამ ყველაფრის მონეტიზაცია რომ წარმოვიდგინოთ, უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, შემდეგ სურათს მივიღებთ: საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, მომდევნო ათი წლის საპროგნოზო ენერგომოხმარება 2030 წლისთვის გაიზრდება 13 მლრდ კვტ-სთ– დან 24 მლრდ კვტ-სთ–მდე. თუ ამ პერიოდში შევძლებთ, სრულად ავითვისოთ ჩვენი პოტენციალი და საკუთარი გენერაცია 50 მლრდ კვტ-სთ–მდე ავიყვანოთ, მას რომ გამოვაკლოთ საკუთარი მოხმარება – 24 მილიარდი და დარჩენილი 26 მლრდ კვტ-სთ ექსპორტზე გავიტანოთ, ხოლო გასატანი ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 0,05 აშშ დოლარი რომ ვივარაუდოთ 1 კვტ-სთ-ზე, ჯამურად მივიღებთ 3.5 მლრდ ლარის ექსპორტირებულ ენერგიას. ანუ ჩვენი ქვეყანა, ნაცვლად ასეულობით მლნ ლარის გადინებისა სხვა ქვეყნების ეკონომიკაში, შეძლებს 3.5 მლრდ ლარის დამატებითი შემოსავლის მოზიდვას. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
დღეს არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე. არაშენება, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსის – ჰიდრორესურსის გონივრულად ათვისება გარდაუვალი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. კვლავ ჩვენი ერთ-ერთი პროექტის მაგალითს მოვიყვან, სადაც მშენებლობის პროცესს სამი გარემოსდაცვითი კომპანია აკონტროლებს: 1. მშენებელი კომპანიის ქვეკონტრაქტორი, რომელიც მშენებლობის პროცესში გარემოზე ზიანის მინიმალიზაციაზეა პასუხისმგებელი (მაგალითად, რომ არ მოხდეს სამშენებლო ტექნიკის მდინარის კალაპოტში მუშაობა, მდინარე რომ არ დაბინძურდეს; მოხდეს სახიფათო ნარჩენების სათანადო მართვა, ხის ჭრის მკაცრი კონტროლი და დერეფანში ჭრამდე ფაუნის აღწერა და გადასახლება დერეფნის გარეთ, ზიანის თავიდან აცილების მიზნით); 2. გარემოსდაცვითი კომპანია, რომელიც ჩვენი, ანუ დეველოპერის ქვეკონტრაქტორია და ახდენს ყველა შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და გეგმების შემუშავებას, რის მიხედვითაც აწესებს კონტროლს; 3. საერთაშორისო ინვესტორის მიერ დაქირავებული კომპანია, რომელიც მთლიანი პროექტის განვითარებასა და მშენებლობის პროცესზე ახდენს ზედამხედველობას გარემოსდაცვითი კუთხით, ასევე უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათზე დაყრდნობით – ზედამხედველობას. შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელი სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ეკიდებიან თავისი ქვეყნის გარემოს დაცვას ასეთი პასუხისმგებლობით?!
იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ, ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას და ვცდილობთ, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო. ახლა კი ჩვენი ამოცანაა ამ გამოცდილების ქართული რეალობის-თვის უმტკივნეულოდ მორგება და ქვეყნის უსაფრთხო ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა.