Lego რუსეთის ბაზარს ტოვებს

Lego რუსეთის ბაზარს ტოვებს

რუსეთში შექმნილი რიგი შეფერხებების გამო, სათამაშოების დანიური მწარმოებელი, Lego რუსეთის ბაზარს განუსაზღვრელი დროით ტოვებს. კომპანიას მოსკოვში დასაქმებული 90 თანამშრომლის გათავისუფლებაც მოუწევს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Lego-მ Inventive Retail Group-თან ფრენჩაიზის კონტრაქტი შეწყვიტა. აღნიშნული კომპანია რუსეთში Lego-ს 81 მაღაზიას ფლობდა და მართავდა.

ფრენჩაიზის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად IRG-ც. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ისეთი კომპანიების ფრენჩაიზებს მართავდა, როგორებიც Nike-ი და Samsung-ია.

„საოპერაციო მიმართულებით წარმოქმნილი უამრავი შეფერხების გამო, Lego-მ რუსეთში კომერციული საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა დანიური კომპანიის სპიკერმა.

Lego-მ რუსეთში ტვირთების მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა. ივნისში კი მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო კომპანიამ რამდენიმე მაღაზია დახურა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბაზარი გასული თვეების განმავლობაში ასობით დასავლურმა ბიზნესმა დატოვა.