ესტონეთის პრემიერი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით გადადგა

ესტონეთის პრემიერი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით გადადგა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით გადადგა. კალასი ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და „ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატის მოთხოვნას“ გეგმავს.

ესტონეთის ყოფილი პრემიერი სამთავრობო კოალიციას კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსა“ და ოპოზიციურ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიასთან ერთად აყალიბებს. კალასის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოქმედი მთავრობის გადადგომა აუცილებელი იყო. კალასის სამპარტიული კოალიცია ესტონეთის 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაიკავებს.

ახალი სამთავრობო კოალიცია კალასის „რეფორმების პარტიას“, კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსა“ და ოპოზიციურ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ გააერთიანებს. კოალიციური შეთანხმების მიღწევით, ესტონეთის პირველი პრემიერი ქალი  ერთპარტიულ, უმცირესობაში მყოფი მთავრობის მართვას თავს აარიდებს. საყოველთაო არჩევნები ესტონეთში მომავალი წლის მარტში ჩატარდება.

ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისის განცხადებით, ესტონეთის ეკონომიკური პრობლემებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ახალ პარლამენტს დასაკარგი დრო არა აქვს. შესაბამისად, ესტონეთის ახალმა მინისტრებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფლაცია და შემოდგომისა და ზამთრისთვის ენერგოკრიზისის თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ესტონეთი ევროზონაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ის მონაცემებით, ესტონეთის წლიურმა ინფლაციამ ივნისში 22%-ს მიაღწია. ინფლაციის გამომწვევი  ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ენერგიის მზარდი ფასებია.