რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა?

რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა?

იმის თქმა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანას ვერ გაამდიდრებს, საერთოდ არ ნიშნავს ამ სექტორის დაკნინებას.

იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის სხვა ნებისმიერ ერთ სექტორზე, თუკი ის მილიონობით ტონა ნავთობს არ ყიდის. ქვეყანას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ერთდროულად განვითარება ამდიდრებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მაგრამ არამხოლოდ სოფლის მეურნეობის და კიდევ რომელიმე ერთის.

საქართველოში პოლიტიკოსები და არამარტო პოლიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის მთავარ წყაროდ სოფლის მეურნეობას ხშირად ასახელებენ. შედეგი კი საპირისპიროა. 1998 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს – 9.4%, ხოლო 2018 წელს 8%-ია (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით).

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა. ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკაში მცირდებოდა სოფლის მეურნების წილი, როდესაც ისინი განვითარების ეტაპებს გადიოდნენ. რაც უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ, სოფლის წილი მით უფრო სწრაფად მცირდებოდა. მართალია, ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც ვითარდებოდა, მაგრამ სხვა სექტორები იმდენად სწრაფად ვითარდებოდნენ, რომ მისი წილი მცირდებოდა.

საქართველოში ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც არ იზრდება, ანუ წლიდან წლამდე უფრო მეტ პროდუქციას არ აწარმოებს. თუ ამ დარგში წარმოებულ პროდუქციას მუდმივ ფასებში ავიღებთ (ინფლაციით გამოწვეული ღირებულების ზრდა რომ პროდუქციის წარმოების ზრდაში არ ჩაითვალოს), გამოვა, რომ 2003 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში 1.9 მილიარდი ლარის პროდუქცია წარმოებულა, ხოლო 2017 წელს – 1.8 მილიარდი ლარის.

2004-2018 წლებში (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით) სოფლის მეურნეობის ზრდის საშუალო ტემპი -0.4%-ია. სოფლის მეურნეობა ყველა მთავრობისთვის პრიორიტეტული იყო და ყველა მთავრობაში შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დარგის განვითარებაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან სფეროდ გამოცხადდა და მეტად დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლამდე. განსაკუთრებით პრუდუქტიული აღმოჩნდა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რამაც 2013 წელს სექტორის 11.3%-იანი ზრდა გამოიწვია. თუმცა ამის შემდეგ, 2014-2015 წლებში, ზრდის ტემპი 1.5%-მდე შემცირდა, 2017-2018 წლებში კი ზრდის ნაცვლად სექტორი დაახლოებით წლიურ 3%-იან კლებას განიცდიდა. 2016 წლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა. შემცირდა როგორც ნათესი ფართობები, ასევე პირუტყვის სულადობა.

ჯამში 2013-2018 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მთავრობამ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა განაწილდა შეღავათიან აგროკრედიტზე, უფასო ხვნა-თესვაზე, საწარმოების დაფინანსებაზე, პროექტ “დანერგე მომავალზე”, ქართული ჩაის აღდგენის პროგრამაზე, აგროდაზღვევაზე, ყურძნისა და ციტრუსის ფასის სუბსიდირებაზე, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკაზე, დარგში მეცნიერულ კვლევებზე და ა.შ. აღნიშნული მილიარდი ლარის გარდა, ცალკე 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და აშენებაზე.

მთავრობის მიერ ფულის ხარჯვას დაემატა ისიც, რომ ევროკავშირსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეგვიძლია პროდუქციის გატანა. 2013 წლიდან რუსეთმა სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ემბარგო მოგვიხსნა. უამრავი დონორი ეხმარება გრანტებით და ცოდნით სოფლის მეურნეობის დარგს. ამ ფონზე, მართლაც გასაკვირია, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ზრდის ნაცვლად კლება გვაქვს?

ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაშია. ვერ ჩამოვყალიბდით, რა გვინდა – სოფლის მოსახლეობა, რომელსაც კარგი შემოსავალი აქვს, თუ სოფლის მოსახლეობა, რომლის მთავარი დანიშნულება სოფელში ცხოვრებაა და ქალაქიდანაც დავეხმარებით დანიშნულების შესრულებაში.

ეკონომიკაში ცნობილია, რომ თუ მთავრობა ასუბსიდირებს რომელიმე დარგს, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს დარგი სუბსიდიაზე ყოფნას მიეჩვევა და ვერ განვითარდება. შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც დაგვემართა. ცალსახად შეუშალა ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვამ. ამაზე არავინ არ კამათობს, უბრალოდ მოსახლეობის ნაწილს ურჩევნია, საქართველოს მიწა საქართველოს მოქალაქის საკუთრება იყოს, ვიდრე უფრო განვითარებული და დიდი სოფლის მეურნეობა გვქონდეს.

ეს ორი გარემოება ეკონომიკურად არასწორია, მაგრამ შესაძლოა პოლიტიკურად (ანუ არჩევნებზე ხმების მისაღებად) სწორია, ამიტომ, როცა შესაბამისი პოლიტიკური ფონი იქნება, ორივე მიდგომა სწრაფად შეიცვლება.

გაცილებით დიდი პრობლემაა დარგის განვითარების მიმართ არსებული მცდარი ზოგადი ხედვა. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ანუ სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახზე საშუალოდ ერთ ჰექტარამდე მიწა მოდის. ამას ისიც განაპირობებს, რომ საქართველოში ურბანიზაციის დონე მაღალი არ არის. მოსახლეობის 42% (1.6 მლნ ადამიანი) სოფელში ცხოვრობს. მცირემიწიანობა მიწის ნაკვეთების არაეფექტიანად გამოყენებას იწვევს. რთულია წარმოების მოცულობის ხარჯზე შედარებით იაფად გაყიდო პროდუქცია (მასშტაბის ეფექტი) და მცირე საოჯახო მეურნეობა საშუალო ან მსხვილ ფერმერულ მეურნეობად გარდაქმნა. ამას ემატება ცოდნის ნაკლებობა, რაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პრობლემა არ არის.

ამ დროს ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შეძლებისდაგვარად გაზრდისკენ თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი მიწაზე შრომით მაინც გაიტანენ თავს. სოფელში მცხოვრები ადამიანებიდან 700 ათასი ითვლება ე.წ. თვითდასაქმებულად, რადგან საკუთარ ბოსტანში მუშაობენ ან/ და შინაურ ცხოველებს უვლიან.

ე.ი. გარკვეული დილემის წინაშე ვართ: თან მცირემიწიანობა უნდა დასრულდეს და თან ბევრი ხალხი უნდა ცხოვრობდეს სოფელში. ოქროს შუალედია, სოფელში ცხოვრობდეს, მაგრამ მიწაზე არ მუშაობდეს, რაც სულაც არ არის არარეალური. ამ დილემის გადაჭრას სჭირდება სხვა დარგების გაცილებით სწრაფად განვითარება, ვიდრე დღეს ვითარდება, ადამიანები კი თავად გადაწყვეტენ, სად ურჩევნიათ ცხოვრება. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ურბანიზაციის დონე 70-80%-ს აღწევს, ხოლო სოფლის მეურნეობაზე დასაქმების მაქსიმუმ 5% მოდის (საქართველოში – დაახლოებით 40%). დღეს განვითარებული ქვეყნების სოფლები უფრო მდიდარი და მოვლილია, ვიდრე ოდესმე.

სასოფლო- სამეურნეო ცოდნის პრობლემის ცალკე გამოყოფა არ ღირს, რადგან ყველა სფეროში მსგავსი პრობლემა გვაქვს და თუ, ზოგადად, განათლების პრობლემა გადაიჭრება, აქედან თავის წილ სიკეთეს სოფელიც ნახავს.

რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათი იკვეთება:

1. სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის (ამ მიმართულებით დახარჯული ნებისმიერი თანხა სუბსიდიაა, თუნდაც სარწყავი სისტემების მშენებლობა) მთავრობა ზედმეტ გადასახადს ახდევინებს იმ დარგებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი უნდა დაესაქმებინა;

2. სოფელში ცხოვრება მეტად არის სუბსიდირებული, ვიდრე ქალაქში ცხოვრება. პრობლემის მოსაგვარებლად მეტი ურბანიზაცია გვჭირდება, მაგრამ მთავრობა ფულს ურბანიზაციის შეფერხებაში იხდის;

3. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვამ შეაფერხა დარგში ინვესტიციების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოსვლა;

4. ისე როგორც სხვა სფეროებში, ცოდნის მხრივ აგრარული მიმართულებითაც გვიჭირს. ამასთან, აგრარული მიმართულებით განათლების მიღება პრესტიჟულიც არ არის და იმის ალბათობაც მცირეა, რომ ათასიდან რამდენიმე მაინც მოახერხებს კარგი ცოდნის მიღებას, როგორც ეს იურისტების, ექიმების ან ეკონომისტების შემთხვევაში ხდება;

5. მსოფლიო ეკონომიკის 95% მომსახურებასა და მრეწველობაზე მოდის, მაგრამ ჩვენ იმედებს მაინც სოფლის მეურნეობაზე ვამყარებთ, რადგან ჩვენი ცოდნით და ბიზნესგარემოთი, მხოლოდ იქ გვაქვს შანსი, სხვას ვაჯობოთ, სადაც ჩვენი უპირატესობა ჰავამ, ნიადაგმა და მცენარეების ჯიშებმა განაპირობა და არა განათლებამ და ეფექტიანმა შრომამ;

6. სოფლის მეურნეობის (და არა მარტო) განვითარების პოლიტიკას ერთი ფაქტორი განსაზღვრავს – თუ რა მიდგომა მოუტანს უფრო მეტ ხმას არჩევნებზე მმართველ პარტიას. სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკის სექტორი, ეწირება სოციალურად პოპულისტურ და ყალბ ნაციონალისტურ მიდგომებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სოფელიც იცლება და ქალაქიც, ემიგრაციის გამო ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 20 წელიწადში 1.5 მილიონი კაცით შემცირდა.