მიმდინარე კვირას აშშ ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. ეკონომისტების პროგნოზით, ინფლაცია წლიურ ჭრილში 8%-ს მიაღწევს, ხოლო თვიურ ჭრილში 0.7%-ით გაიზრდება. როგორც ჩანს, ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ინფლაციის მართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
რაც შეეხება მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანას – ჩინეთს, აქ მიმდინარე კვირას მოსალოდნელია ვაჭრობის, ინფლაციისა და სესხების შესახებ ახალი მონაცემების გამოქვეყნება. გარდა ამისა, ოფიციალური პეკინი უცხოური რეზერვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებს.
დიდ ბრიტანეთში კი მესამე კვარტალის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი. როგორც მოსალოდნელია, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ბრიტანეთის ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული ევროჯგუფის ტრადიციული შეხვედრაც. ამასთან, გაიმართება ევროპის ცენტრალური ბანკის არამონეტარული პოლიტიკის სხდომა, სადაც ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. მოსალოდნელია ასევე ევროკავშირის ეკონომიკის პროგნოზის გამოქვეყნებაც.
მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის სექტემბრის რიტეილ-გაყიდვების მონაცემებიც, რომლებიც სამშაბათს გახდება ცნობილი. საფრანგეთში კი სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი 10 ნოემბერს 2022 წლის ოქტომბრის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს გამოაქვეყნებს. ასევე კვირის დასაწყისში გაიმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის ბრიფინგი, რომელზეც იგი ახლახან დასრულებული მისიის შედეგებს წარადგენს. შეგახსენებთ, მისიის მიზანი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროგრამის ( Stand-by Arrangement) პირველი მიმოხილვა. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგზე სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამოვლენ.