რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კურილის კუნძულების ჩრდილოეთით მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ კურილის კუნძულები იაპონიასა და კამჩატკის ნახევარკუნძულს შორის არსებული სტრატეგიული მდებარეობის კუნძულებია.
რუსეთსა და იაპონიას შორის კურილის კუნძულებზე დავა სათავეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ იაპონიისაგან კუნძულების ჩამორთმევიდან იღებს და დღემდე გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ პარამუშირზე 500 კმ საცეცხლე მანძილის მქონე Bastion-ის სისტემები განათავსა. სამინისტრომ დამატებით განმარტა, რომ კუნძულზე ყაზარმაც მოეწყო, რაც პერსონალისათვის ერთი წლის განმავლობაში სამყოფ საკვებს, მოსასვენებელ სივრცეს, საცხოვრებელსა და მომსახურებას უზრუნველყოფს.
საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსეთმა იგივე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა კურილის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ მატუაზეც განათავსა. იაპონიის მთავრობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანა ყურადღებით დააკვირდება კურილის კუნძულებზე რუსეთის არმიის აქტივობებს.