ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ნოემბერი-დეკემბერი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ნოემბერი-დეკემბერი

ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაციაა. მსოფლიოს მაღალი ინფლაციისთვის თავის დაღწევა უჭირს. აქედან გამომდინარე, Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ნოემბერსა და დეკემბერში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ 10% შეადგინა, წლიური ინფლაცია (2021 წლის ნოემბერი 2022 წლის ნოემბერთან) კი 10.4%-ია.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო. ნოემბერში ფასები (ოქტომბერთან შედარებით) 0.5% გაიზარდა, თუმცა წლიური ინფლაცია 10.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი ე.წ. საბაზისო ეფექტია. რადგან წლიური ინფლაცია ბოლო 12 თვეში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს მოიცავს, წინა წლის ნოემბერში დაფიქსირებული ინფლაციის დონე (0.6%) გამოაკლდა.

გრაფიკი 1. წლიური ინფლაცია საქართველოში, ნოემბერი/ნოემბერთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 16.8%-ით. სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება 15.9%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 15.4%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 9.6%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 83%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ სარეცხი საპონი მოდის, რომელიც 43%-ით გაძვირდა. კარტოფილი და რძის შემცველი პროდუქტები 39%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ქალის ქვედაკაბა გაიაფდა – 26%-ით, კომპიუტერი 22%-ით გაიაფდა. ქლიავი – 26%-ით და ყურძენი 19%-ით გაიაფდა.

ცხრილი 1. საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
სიმინდის ფქვილი83%
სარეცხი საპონი43%
ნამცხვარი40%
კარტოფილი39%
რძის შემცველი პროდუქტები39%
ვაფლი კრემით38%
ხახვი38%
საზამთრო37%
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა34%
ბინის დაქირავების ღირებულება34%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ ნოემბრის თვეში (ნოემბრის ფასები ოქტომბრის ფასებს რომ შევადაროთ) ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა – 71%-ით. შემდეგ მოდის კიტრი 68%-ით. წიწაკა 28%-ით გაძვირდა, ბადრიჯანი – 22%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ყველაზე მეტად – 21%-ით მანდარინი გაიაფდა. 17%-ით გაიაფდა ლიმონი, 15%-ით – კივი, 10%-ით – ზეთი.

ცხრილი 2. საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის ნოემბერში (ოქტომბერთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
პომიდორი71%
კიტრი68%
წიწაკა28%
ბადრიჯანი22%
მწვანე ლობიო17%
საზამთრო16%
კარტოფილი14%
მსხალი13%
ყურძენი11%
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები10%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარებისა და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. ასევე გაითვალისწინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 21 დეკემბერს გაიმართება და, სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ 11%-ის დონეზე დატოვებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის ნოემბრის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ნოემბერში დაფიქსირებული წლიური 10.4%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 75 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 255%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ლიბანი 158%-ით და ვენესუელა 156%-ით.

ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, ნოემბრის მონაცემებით 84.4%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. მაღალი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური ბანკმა ნოემბერში რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-დან 9%-მდე შეამცირა. ლირის კურსი დოლარის მიმართ 18.6-მდე გაიზარდა.

რუსეთში წლიური ინფლაცია 12%-ია, აზერბაიჯანში – 13.7%, სომხეთში კი 8.8%.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ჩინეთშია – 1.6%. ასევე დაბალი ინფლაციაა პანამასა (1.7%) და ბენინში (2.6%).

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 22.9%. შემდეგ მოდის უნგრეთი 22.5%-ით და ლატვია 21.8%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 11.5%-ია. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ინფლაცია ლუქსემბურგშია – 6%.

აშშ-ში ნოემბერში წლიური ინფლაცია 7.3%-მდე შემცირდა, ოქტომბერში 7.7% იყო. გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) წლიური ინფლაცია 11.1%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 6%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტ-ივნისში ძირითადად 100 დოლარს ზემოთ იყო, თუმცა ივლისიდან 100 დოლარს ჩამოსცდა. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს. დეკემბერში ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 74 დოლარამდე ჩამოვიდა.

ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 83%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში კარტოფილი საშუალოდ 29%-ით გაძვირდა, ბრინჯი – 20%-ით, -სოია 16%-ით, რძე – 10%-ით და სიმინდი – 8%-ით.

გრაფიკი 2. ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. ამასთან, დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია თანდათანობით ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნოემბერში კიდევ 0.25% პუნქტით გაზარდა და ახლა 4%-ია. გამოწვევებიდან გამომდინარე, კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, შესაძლოა 2023 წელს 5%-ს მიაღწიოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა, ახლა კი 1.5%-ია. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს, სავარაუდოდ, 2.5%-მდე. 3%-მდე გაზარდა განაკვეთი ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას ამცირებს. მოთხოვნის კლება კი ინფლაციის შეჩერებას ეხმარება.