ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. 69 წლის პოლიტიკოსი ქვეყანას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუძღვება და ის თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი გახდება, მაო ძედუნის გვერდით.
პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევამდე, ძინპინმა კომუნისტური მთავრობის ერთკვირიან კონგრესს უმასპინძლა. ყრილობის უმთავრესი მოვლენა, ბუნებრივია, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლა იყო, რომელიც თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ძინპინის განცხადებით, მისი და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინეთი აუცილებლად დაუბრუნდება დიდებულების ისტორიულ პერიოდს, ერთგვარ ოქროს ხანას, როდესაც ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო.
ზემოხსენებული ამბიციური მიზნის მისაღწევად, უმთავრეს ამოსავალ წერტილად ძინპინი ტექნოლოგიურ პროგრესს, ინოვაციას, ორიგინალურობასა და განათლებას ასახელებს. მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს განათლების სისტემის რეფორმას და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებით ინოვაციის ხელშეწყობას, რათა ტექნოლოგიურ ფრონტზე ჩინეთმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს აშშ-ისა და ევროკავშირის გადასწრება.
ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის უმთავრესად ძინპინი კორუფციას, სეპარატიზმსა და გეოპოლიტიკურ ჰეგემონიას ასახელებს. ერთი შეხედვით, აღნიშნული ტერმინები საკმაოდ ბუნდოვანია და მათზე ეროვნული სტრატეგიის დაშენება რთულად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა ძინპინი კორუფციაში კომუნისტური პარტიის მოწინააღმდეგეებს გულისხმობს, სეპარატიზმში – ტაივანს, ხოლო გეოპოლიტიკურ ჰეგემონად ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს.
ძინპინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ერთპიროვნული დომინირება უნდა დასრულდეს, ძალთა ბალანსში მეორე, საპირწონე ღერძად კი ჩინეთი უნდა ჩამოყალიბდეს. მისი შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს, შეიარაღებულმა ძალებმა სათანადო მოდერნიზაცია განიცადონ, ტექნოლოგიურ ფრონტზე კი ჩინეთი ერთპიროვნულ ლიდერად იქცეს, განსაკუთრებით კი სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, როგორიც ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები, მიკროჩიპები და რობოტებია.
რაც შეეხება ტაივანის საკითხს, ძინპინის განცხადებით, ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა აბსოლუტურია და ის არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ქვეყნის გარკვეული ნაწილების, ამ შემთხვევაში ტაივანის დამოუკიდებლობას.
„ტაივანთან მშვიდობიანი რეინტეგრაციის სტრატეგია გაგრძელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს ძალის გამოყენების პერსპექტივაც. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რათა გაერთიანების პროცესი წარმატებით დასრულდეს და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგეს“, – განაცხადა ძინპინმა.
მართალია, ჩინეთის ლიდერს ტაივანის შემოერთებისთვის კონკრეტული ვადები არ განუსაზღვრავს, თუმცა ფაქტია, რომ ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად კომუნისტური მთავრობა სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება. სავარაუდოდ, ძინპინი უახლესი ხუთი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს სტატუს კვოს, თუმცა ტაივანის დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრისა და „ჩინეთიფიკაციის“ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ჩინეთის ლიდერს პირდაპირი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რის გამოც „სხვა“ გეოპოლიტიკურ აქტორებთან ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს, ამ უკანასკნელში კი ძინპინი რუსეთის ფედერაციას მოიაზრებს, რომელიც წელს ჩინეთის უმსხვილეს ენერგომომმარაგებლად იქცა.
რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფო ინდოეთს, რომელსაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი გმობს ყველანაირი სახის სამხედრო ალიანსს, რომელიც უშუალოდ ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ამ შემთხვევაში საუბარია QUAD-ზე – ალიანსზე, რომელიც ჩინეთისგან მომავალი საფრთხისგან თავის დასაცავად აშშ-ს, ინდოეთს, იაპონიასა და ავსტრალიას აერთიანებს.