სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა დავადასტურო, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე და ამის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნების შორის ურთიერთობების მოწესრიგებისაკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა“ – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ამ საკითხების შესახებ კონსტრუქციული დიალოგი მალე დაიწყება.
ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც: „მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა რეალურია, მით უფრო, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა“.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.