მალაიზიელი მეწარმე ვერტმფრენების ყველაზე დიდი ოპერატორი კომპანიის შექმნას ცდილობს

მალაიზიელი მეწარმე ვერტმფრენების ყველაზე დიდი ოპერატორი კომპანიის შექმნას ცდილობს

საედ აზმან საედ იბრაჰიმი Weststar Aviation Services-ის 8-ადგილიანი ვერტმფრენ Leonardo AW139 VIP-თან.

მალაიზიის არმიის ყოფილ ოფიცერს, დღეს კი მეწარმე საედ აზმან საედ იბრაჰიმს ამბიციური გეგმები აქვს თავის ოფშოური მისიების ვერტმფრენების ბიზნესთან დაკავშირებით. WESTSTAR AVIATION SERVICES-ის კლიენტთა შორის უკვე ისეთი კომპანიებია, როგორიცაა „ექსონ მობილი“ და „შელი“.

საედ აზმან საედ იბრაჰიმი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მისი კერძო კომპანია Weststar Group-ი, რომლის პორტფელი არასახმელეთო ვერტმფრენების სერვისებს, ავტომობილებით ვაჭრობასა და კვების ობიექტებს მოიცავს, აყალიბებს მრავალმხრივ სტრატეგიას, რათა გააფართოოს თავისი ვერტმფრენების პარკი, დაიპყროს ახალი ბაზრები და გაზარდოს მდგრადი მანქანების გაყიდვები.

აღნიშნული სტრატეგიის ცენტრშია Weststar Aviation Services-ი, რომელმაც თავისი ვერტმფრენების პარკი მაისში 39 ერთეულამდე გაზარდა. ამით ის არასახმელეთო სერვისების სიდიდით მეორე ოპერატორია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. იბრაჰიმს, რომელმაც თავისი კომპანია მალაიზიის ქალაქ ამპანგში დააარსა, დიდი ამბიციები აქვს. „ათ წელიწადში ჩვენ გვსურს, მსოფლიოს უმსხვილესი ვერტმფრენების ოპერატორი გავხდეთ”, – ამბობს იბრაჰიმი.

Weststar-ის ვერტმფრენები გამოიყენება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მაღალჩინოსნების ტრანსპორტირებისთვის, ეკიპაჟისა და მარაგების გადასაზიდად, ასევე მილებისა და ელექტროგადამცემი ხაზების შესამოწმებლად, ხე-ტყის კვლევებისთვის და სამედიცინო ევაკუაციისთვის ისეთ ადგილებში, რომლებიც ხშირად მიუწვდომელი ან რთულად მისადგომია. კომპანიას აქვს ბაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ხოლო მის კლიენტთა სიაში შედიან მალაიზიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრონასი”, ინდუსტრიის გიგანტები „შელი“ და „ექსონ მობილი“. კომპანიის კიდევ ერთი განყოფილება, Weststar General Aviation-ი, ფლობს ორ თვითმფრინავს და ერთ ვერტმფრენს VIP ტრანსპორტირებისთვის.

იბრაჰიმი ახლა Weststar Aviation Services-ის 100 პროცენტს ფლობს. მარტში მან კერძო ინვესტიციების გიგანტ KKR-ისგან 21-პროცენტიანი წილი გამოისყიდა. აღნიშნული გარიგების მიხედვით, კომპანია 4 მილიარდ რინგიტად (890 მილიონ დოლარად) შეფასდა. იბრაჰიმის პირადი ქონება კი 825 მილიონ დოლარს შეადგენს ამით ის მალაიზიის უმდიდრესთა სიაში 24-ე ადგილზეა. იბრაჰიმს ამჟამად Weststar Group-ის მმართველი დირექტორის და Weststar Aviation Services-ის თავმჯდომარის პოზიციები უკავია.

კომპანია Research & Markets-ის კვლევის თანახმად, არასახმელეთო ვერტმფრენების მომსახურების მსოფლიო ბაზრის ღირებულება 2028 წლისთვის 3.1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. იბრაჰიმის სტრატეგიული გეგმა $250-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც მისი კუთვნილი და იჯარით აღებული ვერტმფრენების რაოდენობა მომდევნო ორი წლის მანძილზე თითქმის 30 პროცენტით გაიზრდება. მისი საავიაციო პარკი ძირითადად Airbus-ისა და იტალიური Leonardo-ს მოდელების საშუალო ზომის შვეულმფრენებისგან შედგება.

ამავდროულად, იბრაჰიმის კომპანია ახალ ბაზრებზე გაფართოებას და მალაიზიაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. „ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ინვესტორებს, რომლებიც საზღვარგარეთ გაფართოებაში დაგვეხმარებიან, – ამბობს არმიის ყოფილი ოფიცერი. – ჩვენ უკვე ვესაუბრეთ რამდენიმე ინვესტორს ახლო აღმოსავლეთში“.

მარტში Weststar-ის მიერ გაფორმებულ იქნა სტრატეგიული პარტნიორობა კომპანია Helicopter & Cooperation SAS-თან, რომელიც ფრანგული Avico Group-ისა და ნამიბიური Westair Aviation-ის ერთობლივი საწარმოა. ეს გარიგება კომპანიას საშუალებას მისცემს, თავისი პოზიცია განამტკიცოს ევროპულ და აფრიკულ ნავთობისა და გაზის სექტორში. იბრაჰიმის თქმით, მისი კომპანია აფრიკაში განსაკუთრებით დაინტერესებულია ნამიბიით, ეკვატორული გვინეითა და მავრიტანიით, ისევე როგორც ინდონეზიით და სამხრეთამერიკული გაიანითა და სურინამით.

ამავდროულად, Weststar Aviation Services-ი მუშაობს ჩარტერული სამთავრობო ვერტმფრენების მიმართულების განვითარებაზე. გასულ წელს კომპანიამ მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალებს ოთხი ვერტმფრენი იჯარით გადასცა. 2024 წლის დასაწყისში ის კიდევ ოთხ ვერტმფრენს მიაწვდის თავდაცვის სამინისტროს, სამს კი – მალაიზიის მთავრობას. ამ შეთანხმების მიხედვით, მალაიზიის საჰაერო ძალები და მთავრობა გამოიყენებენ Weststar-ის ვერტმფრენებს, ხოლო ამ უკანასკნელთა ტექნიკურ მომსახურებას კომპანია უზრუნველყოფს.

„ეს არის გამოცდილი მოთამაშე თანამედროვე ვერტმფრენების პარკით, რომელსაც ბაზარზე თავისი ადგილი დამკვიდრებული აქვს“, – ამბობს მატიე გიზოლფი, ჰონკონგური საავიაციო საკონსულტაციო კომპანია Asian Sky Group-ის გაყიდვების დირექტორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

თუმცა ჰორიზონტზე ღრუბლებიც ჩანს. „ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ახალი ბაზრების დაპყრობას ცდილობს. ვერტმფრენების მომსახურების ბაზარი ფრაგმენტირებულია, ხოლო კონკურენცია – ძალიან მაღალი“, – ამბობს Asian Sky Group-ის საკონსულტაციო მომსახურების დირექტორი დენის ლაუ. მისივე თქმით, კომპანიისთვის დიდი გამოწვევა იქნება სწორი პარტნიორების მოძიება.

იბრაჰიმი Weststar Maxus G10-თან. ის ჩინური Maxus-ის ბრენდის ავტომობილების ექსკლუზიური დისტრიბუტორია მალაიზიაში.

იბრაჰიმს თავის მანქანების ბიზნესთან დაკავშირებით ანალოგიურად ამბიციური გეგმები აქვს. ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 315 მილიონი რინგიტი შეადგინა. იბრაჰიმი მალაიზიაში ჩინური „მაქსუსის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორია. Weststar Maxus-ის ბრენდით ის ახალი ფილიალების გახსნას და „მაქსუსის“ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების დისტრიბუციის გაზრდას გეგმავს. იბრაჰიმის Weststar Auto მალაიზიაში „ჰონდას“ ოფიციალური წარმომადგენელია, ხოლო Weststar Motors-ი ძვირად ღირებული მანქანების იმპორტითა და ვაჭრობით არის დაკავებული.

რაც შეეხება კომპანიის კვების ობიექტებს, ყავის მაღაზიათა ქსელ Wolf & Turtle-ს იბრაჰიმის უფროსი შვილი საედ მუჰამად არიფი მართავს და 2025 წლისთვის მისი ფილიალების რაოდენობის 30-მდე გაზრდას გეგმავს. სულ იბრაჰიმის შვიდი შვილიდან სამი არის ჩართული ბიზნესში, მის სიძესთან ერთად. ასევე მის საკუთრებაშია ტაილანდური რესტორნების ქსელი Absolute Thai, რომელსაც ის ერთ-ერთ პარტნიორთან ერთად მართავს. იბრაჰიმის კომპანიათა დიდი ნაწილის ფინანსური შედეგები არ არის გასაჯაროებული.

იბრაჰიმი ბიზნესში 1994 წელს ჩაერთო. მანამდე ის 13 წლის მანძილზე მალაიზიის შეიარაღებული ძალების სამეფო სადაზვერვო კორპუსში მსახურობდა. იბრაჰიმმა 200,000 რინგიტი ჩადო ევროპიდან მეორადი ძვირად ღირებული მანქანების იმპორტში. 2002 წელს ის გახდა Honda-ს დისტრიბუტორი, ხოლო 2011 წელს „მაქსუსთან“ გააფორმა პარტნიორობა.

ავიაციის სფეროსთან მას პირველად 2022 წელს ჰქონდა შეხება, როდესაც 1.5 მილიონ დოლარად შეიძინა ერთი შვეულმფრენი. მაშინ ეს ჯერ კიდევ პირადი მოხმარებისთვის იყო გათვლილი, თუმცა, იბრაჰიმის თქმით, მას თავიდანვე აინტერესებდა, თუ რა ჯდებოდა და რა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა კომერციული ვერტმფრენების ოპერირება.

თავისი ბიზნესის გაფართოება მაშინ დაიწყო, როდესაც მიხვდა, რომ ნავთობისა და გაზის სექტორში ვერტმფრენების მომსახურებას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. (მალაიზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია.) 2011 წლისთვის მისი ვერტმფრენების პარკი 11 ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო ორი წლის შემდეგ მისი ინვესტორი KKR გახდა.

ამავდროულად, იბრაჰიმი არ ადასტურებს ცნობებს იმის შესახებ, რომ Weststar Aviation Services-ი თავისი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების განხორციელებას აპირებს. „ჩვენ არ ვჩქარობთ კომპანიის აქციების ბირჟაზე გატანას. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“, – ამბობს იბრაჰიმი.

რაც შეეხება მის მიზანს, გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი ვერტმფრენების ოპერატორი, მას მძაფრი კონკურენცია ელოდება: ზოგიერთ უმსხვილესი გლობალური მოთამაშე 200-ზე მეტი ვერტმფრენის მფლობელია. თუმცა იბრაჰიმს ეს ფაქტი არ აწუხებს: „ამ სფეროში წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვერტმფრენების რაოდენობაზე, არამედ იმაზეც, თუ ვის ჰყავს საუკეთესო პილოტები, საუკეთესო ტექნიკური პერსონალი, ვის აქვს საუკეთესო უსაფრთხოების სტანდარტები და მაღალი მოგება“.

მზად ხართ აფრენისთვის?

WESTSTAR AVIATION SERVICES-ი, რომელსაც მყარი პოზიციები აქვს აზია-წყნარი ოკეანის ბაზარზე ოფშორული ვერტმფრენების სერვისისთვის, ახლა გლობალურ ზრდაზეა ორიენტირებული.

ძირითადი მოთამაშეები აზია-წყნარი ოკეანის ოფშორული ვერტმფრენების მომსახურების ბაზარზე 2022 წლისთვის