ორშაბათს მოლდოვის დედაქალაქი, კიშინიოვი, 22-მა რუსმა დიპლომატმა დატოვა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვა გასულ თვეს დაიწყო, როდესაც მოლდოვამ მოსკოვს საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლების რაოდენობის შემცირება ოფიციალურად მოსთხოვა. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კიშინიოვში, რუსეთის საელჩოში რუსი დიპლომატების მცირე რაოდენობა რჩება.
მოლდოვის ოფიციალური პირების განცხადებებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების 80-დან 25-მდე შემცირება მოსკოვში არსებული მოლდოვის საელჩოსთან პარიტეტს შექმნის.
შეგახსენებთ, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო მოლდოვა და მისი პროევროპული შეხედულებების მქონე პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მკაცრად აკრიტიკებენ. მეტიც, სანდუ რუსეთს ომის დროს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაშიც სდებს ბრალს.
რუსი დიპლომატების მიერ ქვეყნის დატოვების კადრები მოლდოვურმა მედიასააგენტოებმა გაავრცელეს. ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ტოვებს კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ტერიტორიას ორი ავტობუსი და პოლიციის ესკორტით აეროპორტის მიმართულებით გადაადგილდება. კიშინიოვის აეროპორტიდან რუსი დიპლომატები სოჭში გაფრინდნენ.
დიპლომატებთან ერთად ქვეყნის დატოვების მოთხოვნა 23 ტექნიკურ და ადმინისტრაციულ თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებსაც წაუყენეს. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში მხოლოდ 10 ოფიციალური რუსი დიპლომატი და 15 დამხმარე პერსონალი უნდა დარჩეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის რუსი დიპლომატები, საელჩოს, სავაჭრო მისიისა და კულტურისა და მეცნიერების ცენტრის თანამშრომლები, რომელთაც ქვეყნის დატოვება ძალით მოუწიათ, მოსკოვში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.