პოლონეთი Apache-ის ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენებს შეიძენს

პოლონეთი Apache-ის ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენებს შეიძენს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლონეთს $12-მილიარდად Apache-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების შეძენის ნებართვა მიენიჭა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი აშშ-საგან 96 ერთეულ AH-64E Apache ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენს შეიძენს. შვეულმფრენებთან ერთად კი პოლონეთი აშშ-საგან აღნიშნული ვერტმფრენების საბრძოლო მასალასაც შეიძენს. საუბარია 1,844 ერთეულ Hellfire ტიპის რაკეტაზე, 460 ერთეულ ჰაერი-მიწა ტიპის AGM-179A რაკეტაზე, 508 ერთეულ Stinger 92K Block I რაკეტასა და 7,650 ერთეულ WGU-59/B რაკეტაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოცემულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ნახსენები შეთანხმება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაში დიდ დახმარებას გასწევს, რადგან ნატოს წევრი მოკავშირე სახელმწიფოს დახმარება ევროპაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას გააძლიერებს.

კონტრაქტორების სიაში ისეთი კომპანიები გვხვდება, როგორებიცაა: Boeing-ი და Lockheed Martin-ი. აშშ-ის ინფორმაციით, პოლონეთს მიწოდებული დამრტყმელი შვეულმფრენების საკუთარ საჰაერო ძალებში ინტეგრირების პრობლემა არ ექნება.