სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი და AYPEG-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ სუმბაძე ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლებისათვის ახალ შესაძლებლობებს მიმოიხილავს:
„2019 წელს ევროკავშირმა განაახლა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის მიზანიც წიაღისეული საწვავის სუფთა და განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება და სათბურის გაზების ემისიების შემცირებაა. ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები აისახა „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტში, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან სარგებელს მომხმარებლებისთვის, გარემოსა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული პაკეტი ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიის მისაღწევად, კერძოდ, კარბონნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის. შესაბამისად, კარბონნეიტრალურობის მიღწევა წარმოადგენს, ერთი მხრივ, გამოწვევას, ხოლო მეორე მხრივ საუკეთესო შესაძლებლობას, შევქმნათ გარემო, სადაც საზოგადოების ყველა წევრი – როგორც თითოეული მოქალაქე, ისე საწარმო – აქტიურ როლს ითამაშებს მდგრადი მომავლისათვის.
„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულ სექტორში ერთობლივი და მოქალაქეებზე ორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებების მხარდაჭერა და სტიმულირება ენერგეტიკული გაერთიანებების სახით. მცირე, ძირითადად მოხალისეობრივი ფორმით დაწყებული, დეცენტრალიზებული განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ბოლოდროინდელმა ზრდამ შესაძლებელი გახადა განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული გაერთიანებების ფართომასშტაბიანი გამოყენება. განახლებადი ენერგიის ადგილობრივი გამოყენებისა და კლიმატის დაცვაში ბოლოდროინდელი გლობალური განვითარებები აჩვენებს განახლებადი ენერგიის ფართომასშტაბიანი გამოყენების გაზრდის საუკეთესო მაგალითებს. შესაბამისად, ენერგეტიკულ გაერთიანებებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, გაზარდონ კერძო ინვესტიციები და მოქალაქეებმა მიიღონ პირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ენერგოეფექტიანობის გაზრდით, ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებით და სამუშაო ადგილების შექმნით.
„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტი ითვალისწინებს ენერგეტიკული გაერთიანებების ორ კონცეფციას. კერძოდ, მოქალაქეთა ენერგეტიკული გაერთიანების (CEC) კონცეფცია ასახულია ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესებში (EMD) (დირექტივა 2019/944), ხოლო განახლებადი ენერგეტიკული გაერთიანების (REC) – განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ (REDII) (დირექტივა 2018/2001). ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ორივე ტიპის ენერგეტიკული გაერთიანების განმარტება ორივე დირექტივის მიხედვით.
განახლებადი ენერგეტიკული გაერთიანება REDII-ის მე-2 მუხლის მე-16 ქვეპუნქტი | მოქალაქეთა ენერგეტიკული გაერთიანება EMD-ის მე-2 მუხლის მე-11 ქვეპუნქტი |
იურიდიული პირი: ა) რომელიც, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ეფუძნება ღია და ნებაყოფლობით მონაწილეობას, არის დამოუკიდებელი და ეფექტიანად კონტროლდება აქციონერების ან წევრების მიერ, რომელიც მდებარეობს განახლებადი ენერგიის პროექტების სიახლოვეს და რომელიც არის იურიდიული პირის მფლობელობაში; ბ) რომელთა აქციონერები ან წევრები არიან ფიზიკური პირები, მცირე და საშუალო ბიზნესი ან ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტების ჩათვლით; გ) რომლის უპირველესი მიზანია ფინანსური მოგების ნაცვლად გარემოსდაცვითი, ეკონომიკური ან სოციალური სარგებლის მიცემა მისი აქციონერებისთვის ან წევრებისთვის ან იმ გეოგრაფიული არეალისათვის, სადაც ის ფუნქციონირებს; | იურიდიული პირი, რომელიც: ა) ეფუძნება ნებაყოფლობით და ღია მონაწილეობას და ეფექტიანად კონტროლდება წევრების ან აქციონერების მიერ, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტების ჩათვლით, ან მცირე საწარმოები; ბ) უპირველესად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური ან სოციალური სარგებლის მიცემა მისი წევრებისთვის ან აქციონერებისთვის ან გეოგრაფიული არეალისათვის, სადაც ის ფუნქციონირებს, ვიდრე ფინანსური მოგების წარმოება; გ) შეუძლია განახორციელოს გენერაცია, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან, განაწილება, მიწოდება, მოხმარება, აგრეგაცია, ენერგიის შენახვა, ენერგოეფექტიანობის სერვისები ან ელექტრომობილების დამუხტვის სერვისები ან მიაწოდოს სხვა ენერგეტიკული სერვისები მის წევრებს ან აქციონერებს; |
ენერგეტიკული გაერთიანებები მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნან კრიტიკული მასა, გახდნენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები და შესთავაზონ მოქნილი მომსახურება ენერგეტიკულ ბაზარზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ CEC-სა და REC-ს შორის არსებობს მსგავსება და განსხვავებები. მსგავსების თვალსაზრისით, ორივე ტიპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია იურიდიული პირის ფორმა და კონკრეტული მმართველობის სტრუქტურის არსებობა. ამასთანავე, ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის კუთხით ორივე ტიპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუძლია ენერგიის გაზიარება, შენახვა-დაგროვება და ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობა პირდაპირ ან აგრეგატორის მეშვეობით. მეორე მხრივ, ძირითადი განსხვავებები ამ ორი ტიპის ენერგეტიკულ გაერთიანებებს შორის არის შემდეგი:
- CEC: არ არსებობს გეოგრაფიული შეზღუდვა, ანუ არ არის საჭირო ენერგეტიკულ პროექტთან სიახლოვე. იგი მოიცავს მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავებას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება არაგანახლებადი ენერგიის წყაროებიდანაც;
- REC: საჭიროა ენერგეტიკულ პროექტთან სიახლოვე და შესაძლებელია მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროსთვის გამოყენება.
ამჟამად Horizon 2020-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიმდინარეობს პროექტი SHAREs[1]-ი. პროექტი SHAREs-ი მოიცავს 10 პარტნიორ ორგანიზაციას 6 ქვეყნიდან, როგორიცაა ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, საქართველო. პროექტი დაიწყო 2021 წლის სექტემბერში და გრძელდება 2024 წლის აგვისტომდე. პროექტ SHAREs-ის მიზანია, დაეხმაროს ერთობლივ ქმედებებს, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანობის გაზრდას, ენერგიის ოპტიმიზებულ მართვას და განახლებადი ენერგიის ათვისებას. SHAREs-ი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბებაში ან გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ მომხმარებლებს, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს ინტერესი ან არ იცნობს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციას. პროექტი SHAREs-ი მიზნად ისახავს თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ეროვნულ ენაზე ვებგვერდის შექმნას, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ყველა საჭირო ინფორმაციისა და ინსტრუმენტების მოძიება, რომლებიც საჭიროა მათი ენერგეტიკული გაერთიანების შექმნის ან გაფართოებისთვის. ამავდროულად, პროექტ SHAREs-ის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საპილოტე პროექტის მხარდაჭერა ენერგეტიკული გაერთიანების ან ნებისმიერი ტიპის ერთობლივი მოქმედების ჩამოყალიბებაში ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში.
საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა ამ ეტაპზე არ არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულება აქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნული კანონმდებლობის ჰარმონიზება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, მათ შორის ვირტუალური ნეტო-აღრიცხვა. ამჟამად აღნიშნული პროგრამა არის ერთობლივი ქმედებების ერთადერთი ინიციატივა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს. თუმცა ევროპული რეგულაციების დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანებებისათვის საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში ერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა და პოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვა. ამ კუთხით, პროექტ SHAREs-ის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკული მაგალითების დანერგვას და ასევე ევროპულ გამოცდილების გადმოტანას. აღნიშნული კი გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს ენერგეტიკული გაერთიანებების ფართო მასშტაბით ჩამოყალიბებას საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტის მოთხოვნებთან სრული ჰარმონიზაციის შემდეგ.