საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, გასულ წელს აღნიშნული მომსახურებებიდან კომპანიებმა 152.6 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ მაჩვენებელში საწარმოების მიერ საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71.2%-ს შეადგენს, ადგილობრივი შემოსავალი კი, შესაბამისად, 28.8%-ს.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, შემოსავლის დიდი ნაწილი, 70.7%, საწარმოებმა ამანათების მიწოდებიდან მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მისი 76.2% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, დანარჩენი 23.8% კი, შესაბამისად, ადგილობრივ გზავნილებზე.
საქსტატის ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8% წერილობით კორესპონდენციებზე მოდის. მათ შორის 59.6% საერთაშორისო, 40.4% კი – ადგილობრივი გზავნილებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასული წლის განმავლობაში საწარმოების მიერ სულ გაგზავნილია 5 379.3 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 403.1 ათასი ამანათი.
რაც შეეხება აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებს, საქსტატის მონაცემებით, მათი წლიური საშუალო რაოდენობა 2022 წელს 3.7 ათას კაცს გაუტოლდა, რომელთა შორის 1124 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდიეგერია.