III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 15.6% შეადგინა

III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 15.6% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6% შეადგინა.

დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 1.4 ათასით (0.6%), 252.2 ათასამდე გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

წლევანდელ 10 თვეში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3% შეადგინა.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5%-სა და 44.8%-ს შეადგენს.

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 12.8%-სა და 17.7%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1%-ს, ხოლო კაცებში 66%-ს შეადგენდა. რაც შეეხება დასაქმების დონეს, ის ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო კაცებში 0.5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.