2014 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები

2014 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები

მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საფუძველი ხდება. ექსპერტების აზრით, აღნიშნული თავისთავად გამოიწვევს ეკონომიკის ზრდას. ამ ეტაპზე კი არსებულ ვითარებაზე გავამახვილოთ ყურადღება.

2013 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 3,2% შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. საქართველოს მშპ-ის დაბალი რეალური ზრდის ტემპი 2012 წლის IV კვარტალიდან დაიწყო და 2013 წლის III კვარტალის ჩათვლით გაგრძელდა. 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6% იყო. იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,8%, თებერვალში 5,4%, ხოლო მარტში 8,3% იყო. 2014 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2,7%-მდე დაეცა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისში ისევ გაიზარდა და 6,3% შეადგინა. 2014 წლის

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ის ზრდის ტემპის ვარდნის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, სათამაშო ბიზნესსა და კომუნალურ ბიზნესში ბრუნვის შემცირება დაასახელა. მისივე თქმით, აღნიშნულმა მთლიანი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 0,7%-ით შეამცირა. ფინანსთა მინისტრს აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების სხვა გამომწვევი მიზეზები არ განუმარტავს.

 „პოლიტიკის, მართვისა და კონსულტაციის კვლევითი ცენტრის“ (PMC) განმარტებით, „სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის ხარჯების ზრდამ 2013 წლის მეოთხე კვარტალში და 2014 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის ტემპის მატება გამოიწვია. აპრილის თვეში კი ეკონომიკური ზრდის შენელება 2,7%-მდე გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან ფისკალური ეფექტის შენელებით“.

ანალოგიური შეფასება გააკეთა ეკონომიკური ზრდის ტემპის მატებასთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „2013 წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფოს დანახარჯების ზრდა შესაბამისად აისახა ეკონომიკური ზრდის ტემპის გაზრდაზეც“ -ნათქვამია EBRD-ის მაისის ანგარიშში.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე 2013 წლის IV კვარტალსა და 2014 წლის I კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპს ბეიზ-ეფექტს უკავშირებს. საუბარია ისეთ ვითარებაზე, როდესაც დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან პატარა აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ზრდას იწვევს. დეპუტატის განმარტებით, „2012 წლის IV კვარტალით დაწყებული, 2013 წლის III კვარტალის ჩათვლით მშპ-ის დაბალი ზრდა ფიქსირდებოდა. შესაბამისად, 2013 წლის მეოთხე კვარტალსა და 2014 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მშპ-ის ზრდის მაჩვენებლები შედარებულია დაბალი ზრდის მქონე მაჩვენებლებს, რაც მაღალ პროცენტულ ცვლილებას იწვევს“.

ეკონომისტების აზრით, მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული მშპ-ის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი გარკვეულწილად ბეიზ-ეფექტის შედეგია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში მშპ-ის ზრდის ტემპი მხოლოდ 0,2%-ს შეადგენდა.

2014 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მიერ 6,3%-ით განისაზღვრა, ხოლო EBRD-ის მიერ 4,5%-ით. მიმდინარე წლის მაისში EBRD-მა 2014 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-მდე შეამცირა. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, სავარაუდოდ, გაზრდის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და შესაბამისად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინის კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების გამო უარყოფითად მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე (რომელშიც თავისთავად მოიაზრება საქართველოც), რაც გამოიწვევს ექსპორტის შემცირებას. ამასთან აღნიშნული რეგიონი არახელსაყრელი ხდება როგორც ინვესტირებისათვის, ასევე ტურიზმისთვის“, – ნათქვამია EBRD-ის ანგარიშში.