ამ დღეებში Real Madrid-ის გულშემატკივრებს საზეიმოდ აქვთ საქმე. მარტში ესპანელთა კერპმა სრული გამარჯვება მოიპოვა Manchester United-ზე და ის მსოფლიოს მთავარი საკლუბო შეჯიბრებიდან – უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოთიშა. ახლა კი Real-მა ის ბიზნესშიც დაამარცხა.
მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში თავისი შემოსავლებით მსოფლიოს ნებისმიერ სხვა საფეხბურთო გუნდს უსწრებდა, Real Madrid-მა კიდევ ერთხელ გადაკვეთა რა $600-მილიონიანი ზღვარი გასულ სეზონზე, იმდენად გაუსწრო Manchester United-ს, რომ ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების FORBES-ის წლევანდელ სიაში პირველი ადგილი დაიკავა. Real Madrid-მა თავისი $3,3 მილიარდი დოლარით – Manchester United-ის $3,17 მილიარდის წინააღმდეგ – ახლა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფრანშიზას სტატუსიც მოიპოვა.
გუნდის აყვავების ხანა დაიწყო მაშინ, როდესაც მას სათავეში ჩაუდგა ფლორენტინო პერესი, სამშენებლო სფეროს მილიარდერი მაგნატი, რომელმაც კლუბის პრეზიდენტად მოღვაწეობის ათი წლის განმავლობაში დამატებითი დაფინანსების საშუალებით ხელი შეუწყო გუნდის შემოსავლების ზრდას. ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს პრესას და FORBES-თან საუბარზეც უარი განაცხადა, მაგრამ მისი სტრატეგია კარგად არის ცნობილი: არ უნდა დაგენანოს დიდი ფულის გადახდა ნიჭიერ ფეხბურთელში, უნდა მოიგო ბევრი თამაში და საქმიანობა ყველა მიმართულებით უნდა გააფართოო.
„მარტივია? არც ისე, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მისი ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში ესპანურმა ეკონომიკამ თითქმის სრული ფიასკო განიცადა. რეკლამაში, ტელეგადაცემებსა და სტადიონის შემოსავლებში დომინანტური წილის მქონე გუნდი „ნამდვილი სამთავიანი ურჩხულია” , – ამბობს სპორტული საინვესტიციო ბანკირი ნიშანტ ტელა Inner Circle Sports-იდან.
2000 წელს, როდესაც პერესმა ხელში აიღო ხელმძღვანელობის სადავეები, კლუბი გაკოტრების ზღვარზე იდგა. მან გაყიდა კლუბის აქციები, მოიზიდა ინვესტორები და დაიწყო ფეხბურთელების შეძენა. მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა კონტრაქტს ფეხბურთის ისეთ სუპერვარსკვლავებთან, როგორებიც არიან დევიდ ბეკჰემი და ზინედინ ზიდანი, Real Madrid-ის შემოსავალი გაიზარდა კომერციული საქმიანობის ხარჯზე (მიუხედავად მისი არცთუ შთამბეჭდავი წარმატებისა საფეხბურთო მოედანზე), რამაც 2005 წელს 45%-იან შემოსავალს მიაღწია. ე.წ. Galacticos-ის გეგმამაც, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების შეძენას ისახავდა მიზნად, Real Madrid-ს საშუალება მისცა სულ უფრო და უფრო მოგებიანი და „მსუყე” სატელევიზიო გარიგებები დაედო. ამავე დროს, მათს სტადიონში ჩადებულმა დიდმა ინვესტიციამ ხელი შეუწყო მატჩის დღის შემოსავლების ორჯერ და მეტად ზრდას ხუთი წლის განმავლობაში. 2012 წელს საქმიანობის ამ სამი მიმართულებიდან თითოეულმა შემოსავლების დაახლოებით მესამედი უზრუნველყო.
პერესის ბალანსირების მოდელი ესპანეთის უძრავი ქონების კრიზისის ფონზეც კი აგრძელებს მუშაობას. Adidas-თან ცოტა ხნის წინ გაფორმებულმა $50-მილიონიანმა კონტრაქტმა, რომელიც 2020 წლის შუა წლებამდე გაგრძელდება, აგრეთვე სხვა სახის სპონსორულმა მხარდაჭერამ (მათ შორის, Emirates Airlines-სა და ესპანეთის საბანკო ჯგუფ BBVA-სთან გაფორმებულმა გარიგებებმა) გასულ სეზონზე მას $240 მილიონი მოუტანა. Real Madrid-ის მაისურებთან დაკავშირებული ამჟამად მოქმედი გარიგება აზარტული თამაშების ონლაინ-კომპანია Bwin-თან, რომელსაც $20 მილიონი მოჰქონდა სეზონზე, წელს იწურება. ე.წ. „მაისურების სპონსორობის” მზარდი ღირებულების გათვალისწინებით (Manchester United-მა ახლახან გააფორმა GM-თან შვიდსეზონიანი, $560-მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს მათს ტრიკოტაჟის ნაწარმზე Chevy-ის ლოგოს დატანას), Real Madrid-ი 2013-2014 წლების სეზონზე მნიშვნელოვან თანხას ელოდება.
მათი უფლება სახლში ჩატარებული მატჩების ტრანსლაციაზე $250 მილიონს აღწევს. Real-ი და Barcelona შუაზე იყოფენ მთელი ლიგის $750-მილიონიან სატელევიზიო შემოსავლებს (Barcelona-ს ინსაიდერების თანახმად, ესპანეთის სატელევიზიო ფინანსების განაწილება „ველური” პროცესია). როგორც FORBES-ს გუნდის მთავარმა მენეჯერმა განუცხადა, Real-ი გეგმავს საკუთარი უპირატესობის გამოყენებას უფრო მოგებიანი ადგილობრივი სატრანსლაციო გარიგებების ხელახალი გაფორმებით, Real Madrid TV-ის (გუნდის შიდა საინფორმაციო კონტენტის საწარმოო მიმართულება) გაფართოებით და ახალი ტიპის მონაწილეობით სმარტფონებში, თამაშებსა და აპლიკაციებში.
ქვეყნის 26%-იანი უმუშევრობის მიუხედავად, Real Madrid-ის ლეგენდარული სტადიონი Santiago Bernabéu ყოველთვის ივსება და, შესაბამისად, მუდმივად ავსებს კლუბის ხაზინას. წინა სეზონზე მატჩის დღის შემოსავალი $160 მილიონს აღწევდა, რაც უმაღლეს მაჩვენებლად ითვლება ნებისმიერი ევროპული გუნდისათვის. ექსპერტების ვარაუდით, Bernabeu-ს პროექტს – Real-ის სტადიონის მოდერნიზების $320-მილიონიან გეგმას – მას შემდეგ, რაც ის დაახლოებით 2018 წლისთვის დასრულდება, შეუძლია სეზონზე კიდევ $60 მილიონით გაზარდოს შემოსავლები.
მთელ ამ წარმატებას ახლავს უცნაური თანამდევი ეფექტი: მოგებისკენ Real Madrid-ის დაუღალავი სწრაფვა ძალიან ძვირად უჯდებათ კლუბში მოთამაშე ვარსკვლავებს. ჯერ კიდევ 2000 წელს, იმისათვის, რომ დაებალანსებინა ფეხბურთელების ანაზღაურება, რომელმაც $250 მილიონს მიაღწია, პერესმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები კლუბში ტოვებენ მათი გარე სპონსორული დაფინანსებისა და ინდოსამენტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს და მაისურების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილს. ამბობენ, რომ Real Madrid-ის სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო, რომელიც თავისი ინდოსამენტისაგან მიღებული შემოსავლის 40%-ს კლუბს უხდის, წასვლაზე ფიქრობს, რადგან Real-ის ხელმძღვანელობა მისგან მოითხოვს ნებისმიერი მსხვილი გარიგების 50%-ს 2014 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამდე.
არსებობს ზრდის სხვა შესაძლებლობებიც. Sport+Markt-ის თანახმად, Manchester United-ს, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები 350 მილიონი გულშემატკივრის წყალობით, ორჯერ მეტი მიმდევარი ჰყავს საზღვარგარეთ, ვიდრე Real Madrid-ს, მაგრამ წლების განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო მარკეტინგის შემდეგ Manchester-ი „ფანების მაქსიმალურ ზღვარს მიუახლოვდა”, ამბობს მარიო ოლივეტო, სპორტული მარკეტინგის ექსპერტი და Nike-ის, Adidas-ისა და Sport+Markt-ის ყოფილი ხელმძღვანელი.
Real Madrid-ი, რომელიც შემოსავლების 65%-ს საზღვარგარეთიდან იღებს, კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის თქმით, წინსვლის შესაძლებლობას სწორედ უცხოურ ბაზარში ხედავს. გასულ სეზონზე გუნდმა თავის ხაზინას $16 მილიონი – და ახალი გულშემატკივრები – შემატა მხოლოდ აშშ-ში, ჩინეთში, კუვეიტსა და ევროპის ქვეყნებში ჩატარებული ამხანაგური მატჩებით. ისინი ახალი სპონსორების გამოჩენასაც ელიან.
სანამ Real Madrid-ი გააგრძელებს მოგებას, უმაღლესი კლასის ახალი მოთამაშეებისა და მასობრივი აუდიტორიის მოზიდვას, მანამდე, ალბათ, ის ჩვენი სიის პირველ ადგილზე დარჩება. თელა Inner Circle-დან ამბობს: „ეს ის გახლავთ, რასაც ჩვენ წარმატების ვირტუოზულ ციკლს ვეძახით”.