საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა.
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი წლიურად 1.4 პროცენტით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%).
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4%) და პირადი ჰიგიენა (4.1%);
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8%);
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3%), პური და პურპროდუქტები (-9.0%), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), თევზეული (1.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%);
- ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9%).