ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებაზე დაკვირვება საინტერესოა, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მაჩვენებელია. ამერიკული ორგანიზაცია – „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ ერთ-ერთი კვლევითი ცენტრია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენს.
2000-იან წლებში გატარებული რეფორმების გამო, საქართველო მაღალი ეკონომიკური თავისუფლებით გამოირჩეოდა და გარკვეულ წლებში „ჰერიტიჯის“ რეიტინგში ქვეყნების ტოპ-10-შიც კი ხვდებოდა. თუმცა შემდეგ, რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიისა და საქართველოს რეალობის ცვლილების გამო, თანდათან ჩამოქვეითდა და ახლა 35-ე ადგილზეა, ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში.
საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების თემა აქტუალურია და ის ძირითადად მსუბუქ გადასახადებსა და რეგულაციებთან ასოცირდება. თუმცა ეს ვიწრო ხედვაა. რეალურად, ეკონომიკური თავისუფლება კანონის უზენაესობას (საკუთრების უფლებები, სასამართლო, დაბალი კორუფცია) და მაკროეკონომიკურ საკითხებსაც მოიცავს. შესაძლოა, ქვეყანაში მსუბუქი გადასახადები და რეგულაციები იყოს, მაგრამ თუ კანონის უზენაესობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ არის, ბიზნესის კეთება მაინც მაღალრისკიანი და მაღალხარჯიანია. „ჰერიტიჯი“ ეკონომიკური თავისუფლების დონეს კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ზომაზე, რეგულაციების ეფექტიანობასა და ღია ბაზრებზე დაკვირვებით განსაზღვრავს.
საქართველოში ასევე გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური თავისუფლება დაბალია და ინტეგრაციის შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად თავისუფალი გახდება. მეტ-ნაკლები თავისუფლება შედარებითია. დღეს საქართველოს ევროკავშირის 16 ქვეყანა უსწრებს ეკონომიკური თავისუფლებით და მათგან 6 ქვეყანა ტოპ-10-შიც ხვდება. „ჰერიტიჯის“ შეფასებით, დღეს მსოფლიოში სრულად თავისუფალი ეკონომიკა მხოლოდ 4 ქვეყანას აქვს და მათგან ერთ-ერთი ევროკავშირის წევრი ირლანდიაა.
წარმოგიდგენთ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ ლიდერ 10 ქვეყანას
10. შვედეთი
შვედეთს ეკონომიკური თავისუფლების მაქსიმალური 100 ქულიდან 77.5 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. შვედეთის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობაა. სასამართლოს ეფექტიანობით, საკუთრების დაცვით და დაბალი კორუფციით შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ასევე მაღალი ქულა აქვს ფისკალურ სტაბილურობაში. შვედეთს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებში აქვს (100-დან 26.2). მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 43%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია. ასევე დაბალი ქულა აქვს საგადასახადო ტვირთსა და შრომის თავისუფლებაში.
9. დანია
დანიას ეკონომიკურ თავისუფლებაში 77.6 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. შვედეთის მსგავსად, დანიის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობაა. დაბალი კორუფციით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო საკუთრების დაცვით – მე-3 ადგილზე. ასევე მაღალი ქულა აქვს ფისკალურ სტაბილურობასა და ინვესტიციების თავისუფლებაში. დანიასაც ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებში აქვს (20.9). მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 51%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია. ასევე დაბალი ქულა აქვს საგადასახადო ტვირთსა და შრომის თავისუფლებაში.
8. ნიდერლანდები
ნიდერლანდებს ეკონომიკურ თავისუფლებაში 78 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს. შვედეთისა და დანიის მსგავსად, ნიდერლანდების ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობაა. სასამართლოს ეფექტიანობით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ასევე მაღალი ქულა აქვს ფისკალურ სტაბილურობასა და ინვესტიციების თავისუფლებაში. ნიდერლანდებსაც ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებში აქვს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 45.5%-ია. ასევე დაბალი ქულა აქვს საგადასახადო ტვირთსა და შრომის თავისუფლებაში.
7. ლუქსემბურგი
ლუქსემბურგს ეკონომიკურ თავისუფლებაში 78.4 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. ლუქსემბურგის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობასთან ერთად ინვესტიციების თავისუფლებაა. ინვესტიციების თავისუფლებაში 95 ქულა აქვს და ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ლუქსემბურგსაც ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებში აქვს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 44%-ია. ასევე დაბალი ქულა აქვს საგადასახადო ტვირთსა და შრომის თავისუფლებაში.
6. ესტონეთი
ესტონეთს ეკონომიკურ თავისუფლებაში 78.6 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. ესტონეთის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ისეთი მაღალი ქულები არა აქვს, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაღალი ქულები აქვს ინვესტიციების თავისუფლებაშიც და ფისკალურ სტაბილურობაშიც. ესტონეთს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებსა და შრომის თავისუფლებაში აქვს, თუმცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ქულები აქვს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 42%-ია.
5. ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიას ეკონომიკურ თავისუფლებაში 78.9 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. ახალი ზელანდიის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობაა. დაბალი კორუფციით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ასევე მაღალი ქულები აქვს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებასა და ბიზნესის კეთების თავისუფლებაში. ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ხარჯებსა და საგადასახადო ტვირთში აქვს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის 41%-ია, ხოლო საგადასახადო ტვირთი – მშპ-ის 32%.
4. ტაივანი
ტაივანს ეკონომიკურ თავისუფლებაში 80.7 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს. სულ 4 ქვეყანაა, რომლებსაც 80 ქულაზე მეტი აქვთ და „ჰერიტიჯი“ სრულად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მხოლოდ მათ მიაკუთვნებს. ტაივანის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე სასამართლოს ეფექტიანობა, ფისკალური სტაბილურობა და მთავრობის დაბალი ხარჯებია. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 17%-ია. ასევე მაღალი ქულები აქვს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებასა და ბიზნესის კეთების თავისუფლებაში. ყველაზე დაბალი ქულა ფინანსურ თავისუფლებასა და შრომის თავისუფლებაში აქვს.
3. ირლანდია
ირლანდიას ეკონომიკურ თავისუფლებაში 82 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-3, ხოლო ევროკავშირში პირველ ადგილს იკავებს. ირლანდიის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე სასამართლოს ეფექტიანობა, საკუთრების უფლებების დაცვა და ინვესტიციების თავისუფლებაა. ირლანდიას დაბალი ქულა არც ერთ კომპონენტში არა აქვს. ირლანდია ევროკავშირის ის ქვეყანაა, სადაც სამართლის უზენაესობასთან ერთად შედარებით დაბალი ფისკალური ტვირთია. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 25.5%- ია. ირლანდიას ყველაზე დაბალი ქულა შრომის თავისუფლებაში აქვს.
2. შვეიცარია
შვეიცარიას ეკონომიკურ თავისუფლებაში 83.8 ქულა აქვს და მსოფლიოში მე-2, ხოლო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. შვეიცარიის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე კანონის უზენაესობა, ფისკალური სტაბილურობა და ფინანსური თავისუფლებაა. შვეიცარია სასამართლოს ეფექტიანობით და ფინანსური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ყველაზე დაბალი ქულა შრომის თავისუფლებასა და მთავრობის ხარჯებში აქვს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 35%-ია.
1. სინგაპური
სინგაპურს ეკონომიკურ თავისუფლებაში 83.9 ქულა აქვს და მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. სინგაპურის ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე საკუთრების უფლებების დაცვა, დაბალი კორუფცია, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა, მთავრობის მცირე ზომა და ბიზნესის კეთების თავისუფლებაა. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 19%-ია. სინგაპური აქამდე განხილული 9 ქვეყნიდან იმით გამოირჩევა, რომ ის სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და, შესაბამისად, სასამართლოს ეფექტიანობაში დაბალი ქულა – 58.3 აქვს. ყველა სხვა კრიტერიუმში სინგაპურს 77-ზე მეტი ქულა აქვს. შრომის თავისუფლებით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა 77.3 ქულით.