მიხეილ ლომთაძემ Kaspi.kz-ის გეოგრაფიულ გაფართოებაზე ისაუბრა

მიხეილ ლომთაძემ Kaspi.kz-ის გეოგრაფიულ გაფართოებაზე ისაუბრა

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ი სამომავლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და უზბეკეთში გაფართოებას განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აქციონერმა, მიხეილ ლომთაძემ ნიუ-იორკში, ფინტექის კვირეულისას ისაუბრა.

ქართველი მილიარდერი ფინტექ-ინვესტორსა და პოდკასტის მასპინძელ მიგელ არმაზასთან ინტერვიუსას Kaspi.kz-ის სამომავლო გეგმებსა და გეოგრაფიული გაფართოების პოტენციალს შეეხო: „კომპანიაში აქტიურად განვიხილავთ ყაზახეთზე დიდ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. ჩვენთვის, მათ შორის ყაზახეთთან სიახლოვისა და ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა უზბეკეთიც“.

მხოლოდ ყაზახეთში, 20-მილიონიანი მოსახლეობიდან, Kaspi.kz-ს 15 მილიონი ადამიანი იყენებს. ლომთაძის ინფორმაციით, კომპანიის აღმასრულებლებს სურთ, Kaspi.kz-ის სერვისის მომხმარებელთა რიცხვი 100 მილიონამდე გაიზარდოს. ქართველი მილიარდერის განცხადებითვე, ყაზახეთი კომპანიისთვის ყოველთვის უმთავრეს ბაზრად დარჩება და მუდმივად ორიენტირებულნი იქნებიან ინოვაციების დანერგვასა და მათი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლომთაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ Kaspi.kz-ს ოპერირება ნებისმიერ ადგილას შეუძლია და კონკურენტუნარიანობას მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც შეინარჩუნებს, იქნება ეს აშშ, ჩინეთი თუ ბრაზილია. „ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც ღირებულის გატანა შეგვიძლია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყაზახეთზე პირველად ყველას ნავთობი ახსენდება, თუმცა Kaspi.kz-ი შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის ინოვაციების ქვეყანაა, რასაც ჩვენი კომპანია უკვე წლებია ამტკიცებს“, – განაცხადა მილიარდერმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ბაზრების შესწავლა მიმდინარეობს, კომპანიის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად.

ცნობისთვის, ლომთაძე Kaspi.kz-ში ბოლო მონაცემებით, აქციათა 21.53%-ს ფლობს. ყაზახური ფინტექ-კომპანია აქციებით KASE-ზე ვაჭრობს, ხოლო Kaspi-ის ამერიკული დეპოზიტური აქციები (ADS) Nasdaq-ზეა განთავსებული. 2024 წლის იანვარში კომპანია ამერიკულ ბირჟაზე დაილისტა მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა აქციონერებმა გაყიდეს აქციების ნაწილი და $1 მილიარდის მოგება მიიღეს. Forbes-ი ლომთაძის ქონებას $5.7 მილიარდად აფასებს.