ილია თოფურია ესპანური Forbes-ის 30 UNDER 30-ის სიაშია

ილია თოფურია ესპანური Forbes-ის 30 UNDER 30-ის სიაშია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანური Forbes-ის 30 UNDER 30-ის სიაში მოხვდა. ამის შესახებ გამოცემის მიერ გუშინ გავრცელებული გარეკანიდან გახდა ცნობილი, რომელსაც ქართველი მებრძოლის ფოტო ამშვენებს. ცნობისთვის, 30 UNDER 30-ის სიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი 30 წლამდე ახალგაზრდები ხვდებიან.

თებერვალში ილია თოფურიამ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო. ქამრის მოგებით ილიამ ესპანეთიც ასახელა, რადგან 27 წლის სპორტსმენი 15 წლის ასაკიდან ამ ქვეყანაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ის ორთაბრძოლებზე ორივე ქვეყნის დროშით გამოდის.

ილია, რომლის საბრძოლო სახელიც “ელ მატადორია”, 26 ოქტომბერს ოქტაგონზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ის მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და UFC-ის ქამრის დაცვას პირველად შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ თოფურიას 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება აქვს მოპოვებული. კონკრეტულად UFC-ში კი, მის ანგარიშზე შვიდი ბრძოლიდან შვიდი გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, ილია თოფურია Forbes Georgia-ს პროექტ 30 UNDER 30-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორისაც მოხვდა.