"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

მოგზაურობისა და ტურიზმის რეიტინგში საქართველო 45-ე ადგილზეა

2 (37)

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილს იკავებს.

მეთოდოლოგია

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესისა და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის გამოცემა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2022 წლიდან დაიწყო. ეს არის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის სახეცვლილი ანგარიში, რომელიც 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლო რეიტინგი 2019 წელს გამოქვეყნდა და 2018-2019 წლების რეალობას ასახავდა. რეიტინგი 140 ქვეყანას მოიცავდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2022 წლიდან ქვეყნდება, 119 ქვეყანას მოიცავს და მას განსხვავებული მეთოდოლოგია აქვს. 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ინდექსი რეალურად 2023 წლის მდგომარეობას ასახავს.

ახალი ინდექსი 5 სფეროზე დაკვირვებით დგება, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავენ, ესენია:

  1. გარემო: ბიზნესგარემო, უსაფრთხოება და დაცვა, ჯანმრთელობა და ჰიგიენა, ჰუმანური რესურსები და შრომის ბაზარი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  2. მოგზაურობისა და ტურიზმის პოლიტიკა: მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა, საერთაშორისო გახსნილობა, კონკურენტული ფასები;
  3. ინფრასტრუქტურა: აეროპორტები, პორტები და სახმელეთო ტრანსპორტი, ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა;
  4. ბუნებრივი და კულტურული რესურსები: ნატურალური რესურსები, კულტურული რესურსები და ბიზნესმოგზაურობა.
  5. მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობა: გარემოსდაცვითი მდგრადობა, სოციოეკონომიკური მდგომარეობა და მდგრადი მოთხოვნა.

აღნიშნული კომპონენტების შესწავლა 102 ინდიკატორით ხდება, რომელთა წყარო ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვაა. საბოლოდ, ქვეყნებს 0-დან 7 ქულამდე ენიჭებათ. რაც მეტია ქულა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურიზმის სფერო მეტად განვითარებულია.

საქართველო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსში

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსში საქართველო 4.14 ქულით (მაქსიმალურია 7 ქულა) 45-ე ადგილზეა 119 ქვეყანას შორის. 2022 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზე იყო 4.3 ქულით, ანუ საქართველოს ქულა 0.16-ით შემცირდა და ქვეყანამ რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოინაცვლა.

ინდექსში შემავალი შეფასების ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა -6.17 უსაფრთხოებაში აქვს. 5.51 აქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 5.49 აქვს ჯანმრთელობასა და ჰიგიენაში, 5.47 – კონკურენტულ ფასებში.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 1.56 ბიზნესმოგზაურობაში აქვს. ასევე დაბალი ქულა, 1.81 აქვს კულტურულ რესურსებში, 2.05 აქვს ბუნებრივ რესურსებში, 3.35 – აეროპორტების ინფრასტრუქტურაში.

კრიტერიუმების მიხედვით საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციაზე – 25-ე ადგილზე უსაფრთხოების კრიტერიუმითაა. 27-ე ადგილზეა კონკურენტული ფასებით. ყველაზე დაბალ პოზიციაზე – 84-ე ადგილზე ბუნებრივი რესურსების კომპონენტშია. 79-ე ადგილზეა ბიზნესმოგზაურობით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარებით მოწინავე ქვეყნები

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში პირველ ადგილზე 5.24 ქულით აშშ-ია. აშშ-ს ყველაზე მაღალი ქულა – 6.63 ბიზნესმოგზაურობაში აქვს. მეორე ადგილზე ესპანეთია, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულა – 6.64 კულტურულ რესურსებში აქვს. მესამე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულა – 6.71 ასევე კულტურულ რესურსებში აქვს.

საქართველოს მეზობლებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე თურქეთია – 29-ე ადგილზე 4.33 ქულით. აზერბაიჯანი 56-ე ადგილზეა 3.98 ქულით. სომხეთი 72-ე ადგილზეა 3.73 ქულით. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთი რეიტინგში შეტანილი არ არის.

რეიტინგში ბოლო, 119-ე ადგილს – 2.78 ქულით მალი იკავებს. 118-ე ადგილზე სიერა-ლეონეა 2.89 ქულით, ხოლო 117-ეზე კამერუნია 2.99 ქულით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1აშშ5.24
2ესპანეთი5.18
3იაპონია5.09
4საფრანგეთი5.07
5ავსტრალია5.00
6გერმანია5.00
7გაერთიანებული სამეფო4.96
8ჩინეთი4.94
9იტალია4.90
10შვეიცარია4.81

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

გააზიარე