ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის თანახმად, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია, რასაც, მეტწილად, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს, ყოველივე ეს კი ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების ინდიკატორია, რასაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.

“პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე  ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის.

ამავდროულად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს”, – წერია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფრთხილ მიდგომას სებ-ი საჭიროდ მიიჩნევს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გეგმავს. თუ ინფლაციის მოლოდინების ზრდაზე მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთება, შესაძლოა, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გამკაცროს ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.