რენტაბელობა (ინგლისურად Profitability) არის კომპანიის მოგებიანობის მაჩვენებელი. თუ საწარმო ფარავს ყველა დანახარჯს და იძლევა მოგებას, იგი რენტაბელურად ჩაითვლება, ხოლო ზარალიანი კომპანია არარენტაბელურია. რენტაბელობა საქმიანობის ეფექტიანობის მაჩვენებელია, რომელიც დამოკიდებულია პროდუქციის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასებზე. რენტაბელობას ანგარიშობენ კომპანიის მოგების შეფარდებით წარმოების საშუალებებთან.
სიტყვა „რენტაბელობა“ რენტიდან გამომდინარეობს. რენტა არის შემოსავლის სახეობა, რომელსაც იღებს კაპიტალის, მიწის ან სხვა ქონების მფლობელი. რაც მეტი იქნება წარმოების საშუალებებზე მოგების ნორმა, რენტაც გაიზრდება, ანუ გაიზრდება აქტივის რენტაბელობა.