"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა

2 (43)

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა 194 ქვეყანას შორის.

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი აქტივიდან ქვეყნის რეზერვების უმეტესი წილი უცხოურ ვალუტასა და ოქროზე მოდის.

ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტისა და ოქროს გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის (ანუ ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის) ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.

უცხოური ვალუტის რეზერვების მაღალი დონით ძირითადად ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთა ექსპორტი იმპორტზე მეტია, ანუ დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ეს ლოგიკურია, რადგან ამ დროს საგარეო ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.

ქვეყნების მიხედვით ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი 4,712 მლნ დოლარის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს ფლობს. ამ მაჩვენებლით საქართველო 194 ქვეყანას შორის 102-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვებიდან 3,635 მლნ დოლარი უცხოური ვალუტაა, 472 მლნ დოლარი სესხების სპეციალური უფლებებია, ხოლო 604 მლნ აშშ დოლარის ოქროს რეზერვია. 3,635 მლნ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 867 მლნ დოლარი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია, ხოლო 2,768 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.

2013 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 2,823 მლნ დოლარის რეზერვი ჰქონდა. 2014-2015 წლებში რეზერვები 2,521 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2016 წლიდან ზრდა დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 5,437 მლნ დოლარს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია. ბოლო 2 წელიწადში კი 724 მლნ დოლარით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური უცხოური რეზერვები, მლნ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი საერთაშორისო რეზერვი აქვთ

ყველაზე მეტი საერთაშორისო რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.3 ტრილიონი დოლარი. აქედან, 3.1 ტრილიონი უცხოური ვალუტაა. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2023 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 823 მლრდ დოლარით გადააჭარბა.

მეორე ადგილზე იაპონიაა 1.2 ტრილიონი დოლარით, მესამეზე შვეიცარიაა 802 ტრილიონი დოლარით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეზერვი რუსეთს აქვს – 625 მლრდ დოლარის, თუმცა უმეტესი ნაწილი „გაყინულია“ და დღეს რუსეთი რა მოცულობის რეზერვებს განაგებს, უცნობია. შემდეგ მოდის თურქეთი 128 მლრდ დოლარით, აზერბაიჯანი 11.7 მლრდ დოლარით და სომხეთი 4.3 მლრდ დოლარით.

ყველაზე ცოტა საერთაშორისო რეზერვი კირიბატს აქვს – 8 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის სომალი 37 მლნ დოლარით. ბოლოდან მე-3 ადგილზე ბურკინა-ფასოა 42 მლნ დოლარით.

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვის მქონე ქვეყნები

ქვეყანამლრდ აშშ დოლარი
ჩინეთი3,288
იაპონია1,236
შვეიცარია802
ინდოეთი705
რუსეთი625
ტაივანი568
საუდის არაბეთი455
ჰონგ-კონგი425
სამხრეთი კორეა419
სინგაპური385

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე