2012-2024 წლების არჩევნები რიცხვებში

2012-2024 წლების არჩევნები რიცხვებში
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საინტერესოა, 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებში როგორ იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა და აქტივობა, პარტიებისა და მათი კანდიდატების რეიტინგები. ბოლო 12 წელიწადში 8 არჩევნები ჩატარდა: 3 საპარლამენტო, 2 საპრეზიდენტო და 3 ადგილობრივი თვითმმართველობის.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი და ჯერჯერობით ბოლო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა. არჩევნებში ამომრჩეველთა 61%-მა, 2,215,661-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც 1,181,862-მა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% აიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40%. სხვა ვერცერთმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 

მაჟორიტარული ნაწილიდან „ქართულმა ოცნებამ“ 41 ოლქი მოიგო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 32. სხვა პარტიების წარმომადგენლებს არცერთი ოლქი არ მოუგიათ.

საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“  – 65.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 47%-მა, 1,648,662-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, 1,012,569-მა ადამიანმა მისცა ხმა და ის, 62%-იანი მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ხმებთან შედარებით გიორგი მარგველაშვილმა 169 ათასით ნაკლები ხმა აიღო. 

მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა ხმების 22%-ით. მას ხმა 354,103-მა ადამიანმა მისცა, რაც 513 ათასით ნაკლებია 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ ხმებზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 23 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის გარდა ხმების 2%-ზე მეტი ორმა კანდიდატმა მიიღო: ნინო ბურჯანაძემ – 10% და შალვა ნათელაშვილმა – 3%.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბოლო 12 არჩევნებში ყველაზე დაბალი აქტივობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა. ამომრჩეველთა მხოლოდ 43% მივიდა არჩევნებზე. „ქართულმა ოცნებამ“ 719,431 ხმა მიიღო (462 ათასით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს), მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ხმების 51% ერგო. პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 317,395 ხმა აიღო (22%), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აღებულ ხმებზე 37 ათასით ნაკლებია, ხოლო 2012 წლის არჩევნების შედეგზე – 550 ათასით. მესამე ადგილზე „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ გავიდა 144,691 ხმით (10%), ხოლო მეოთხეზე „პატრიოტთა ალიანსი“ 66,805 ხმით (5%). 

საკრებულოებში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 7 ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მათ შორის თბილისშიც. თბილისში პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ 46% აიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ – 28%. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში დავით ნარმანიამ 72.5% აიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 27.5%. მეორე ტურში სხვა ქალაქების მერის არჩევნებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1,814,276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 52% შეადგინა. „ქართულ ოცნებას“ 856,638-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პარტიამ პროპორციულ ნაწილში ხმების 49% დააგროვა. პროპორციული სიით პარლამენტში 44 მანდატი მოიპოვა, ხოლო მაჟორიტარული წესით – 71, ჯამში კი 115. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ 325 ათასით ნაკლები ხმა აიღო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 477,053-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციულ ნაწილში ხმების 27% დააგროვა. მაჟორიტარული ოლქები ყველგან წააგო და საბოლოოდ პარლამენტში 27 მანდატი მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 390 ათასით ნაკლები ხმა აიღო.

პარლამენტში მოხვედრის 5%-იანი ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ – „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა, რომელსაც  88,097-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და მან 5% აიღო. „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში 6 მანდატი მოიპოვა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1,570,563-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 46% შეადგინა. „ქართულ ოცნებას“ 838,154-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და მან  ხმების 54% დააგროვა. 119 ათასით მეტი ხმა აიღო, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში. საკრებულოებში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში კახა კალაძემ მოიგო 51%-ით. მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა 18%-ით, ხოლო მესამეზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი – 17%-ით.

პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 256,547 ხმა აიღო (17%), რაც 2014 წლის არჩევნებზე აღებულ ხმებზე 61 ათასით ნაკლებია. კლება არჩევნებში პარტია „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობამ განაპირობა, რომელმაც 156,232 ხმა აიღო და 10%-ით მე-3 ადგილზე გავიდა.

მეოთხე ადგილზე  „პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა 98,530 ხმით (6%). 2014 წელთან შედარებით მათი მხარდამჭერების რაოდენობა 23 ათასით გაიზარდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 47%-მა, 1,647,878-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 615,572-მა ადამიანმა მისცა ხმა და მან ხმების 39% დააგროვა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან შედარებით 397 ათასით ნაკლები ხმა აიღო. 

მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა ხმების 38%-ით. მას ხმა 601,224-მა ადამიანმა მისცა. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო შედეგი 2012 წლის შემდეგ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით პარტიამ 247 ათასით მეტი ხმააიღო.

მესამე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა 174,849 ხმით (11%). საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ხმების 2%-ზე მეტი ასევე აიღეს: შალვა ნათელაშვილმა – 3.7%, ზურაბ ჯაფარიძემ – 2.3% და დავით უსუფაშვილმა – 2.3%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის სრული მობილიზება განახორციელა და მეორე ტურში არჩევნებზე 1,975,845 ამომრჩეველი მივიდა, 338 ათასით მეტი, ვიდრე პირველ ტურში. აქტივობამ 56.2% შეადგინა. 

სალომე ზურაბიშვილმა 1,147,701 ხმა მიიღო (60%), რაც 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნებისთვის“ რეკორდული რიცხვი იყო. გრიგოლ ვაშაძემ 780,680 ხმა მიიღო (40%), რაც 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ რეკორდული რიცხვი იყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კოვიდპანდემიის დროს ჩატარდა, არჩევნებზე 1,992,891 ამომრჩეველი მივიდა (აქტივობამ 57% შეადგინა), რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული რიცხვია. სავარაუდოდ, ამის მთავარი მიზეზი არჩევნებზე მინიმალური ბარიერის არარსებობა იყო, პარტია თუ 1%-მდე ხმებს მიიღებდა – პარლამენტში შედიოდა.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 60 პარტია და მათგან 9 პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. „ქართულ ოცნებას“ 928,004-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციულ ნაწილში ხმების 48% დააგროვა. პროპორციული სიით პარლამენტში 60 მანდატი მოიპოვა, თუმცა მოიგო ყველა (30) მაჟორიტარული ოლქი და საბოლოოდ მას 90 მანდატი ერგო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ 71 ათასით მეტი ხმა აიღო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 523,127-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა (27%) და პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა. 2016 წლის არჩევნებთან შედარებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 46 ათასით მეტი ხმა აიღო.

პარლამენტის მანდატები მიიღეს ასევე: „ევროპულმა საქართველომ“ – 5 მანდატი, „ლელომ“, გიორგი ვაშაძის პარტიამ, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „გირჩმა“ – 4-4 მანდატი, ალეკო ელისაშვილის პარტიამ – 2 მანდატი და ლეიბორისტებმა – 1 მანდატი.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1,815,776-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 52% შეადგინა. 238 ათასით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში. „ქართულ ოცნებას“ 824,755-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და ხმების 47% დააგროვა. პარტიამ 13 ათასით ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში. თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურში კახა კალაძემ მოიგო 56%-ით. მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა 44%-ით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 541,188 ხმა აიღო (31%), რაც 2017 წლის არჩევნებზე აღებულ ხმებზე 285 ათასით მეტია. მესამე ადგილზე  „გახარია – საქართველოსთვის“ გავიდა 137,764 ხმით (8%).

რამდენიმე საკრებულოს გამოკლებით, ყველგან „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა. წალენჯიხის გარდა, მუნიციპალიტეტის მერი ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პირველ რიგში, ეს არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ სრულად პროპორციულია, ანუ მაჟორიტარული მანდატები აღარ იქნება. თუმცა პარტიამ მანდატები რომ მოიპოვოს, ხმების, მინიმუმ, 5% უნდა აიღოს. 

საპარლამენტო არჩევნების როლიდან გამომდინარე და 2024 წელს განვითარებული მოვლენების გამო 26 ოქტომბრის არჩევნების მიმართ მაღალი ინტერესია. შესაძლოა, 2012 წლის შემდეგ არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი მივიდეს. ოფიციალურად, საარჩევნო სიაში 3.5 მლნ ადამიანია, თუმცა მათგან, მინიმუმ, 700 ათასი ემიგრანტია, რაც არჩევნებზე ვერმისვლის  ალბათობას ზრდის. 2012 წელს არჩევნებზე 2.2 მლნ ადამიანი მივიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 12 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა, 2024 წელს მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი არჩევნებზე დაახლოებით 2 მლნ ადამიანი მივა. საზღვარგარეთის უბნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა 2020 წელს იყო, როცა არჩევნებში 10 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. წელს, სავარაუდოდ, ბევრად მეტი მივა.

რამდენი ხმა მოიგებს არჩევნებს, ანუ გადალახავს 50%-ს? ეს სამ ცვლადზეა დამოკიდებული: რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე, რამდენი მოგცემს ხმას და რამდენი ხმა დაიკარგება იმიტომ, რომ მისმა რჩეულმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

თუ დავუშვებთ, რომ არჩევნებზე 2 მლნ ადამიანი მივა და მათგან, მაქსიმუმ, 10% (200 ათასი ხმა) დაიკარგება ბარიერის ვერგადალახვის გამო, გვრჩება რეალური 1.8 მლნ ხმა. ერთი პარტია, ან კოალიციაში შემავალი პარტიები თუ ამ ხმების ნახევარს, ანუ დაახლოებით 900 ათას ხმას აიღებენ, არჩევნებს მოიგებენ. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 928 ათასი ხმა აიღო, დანარჩენმა პარტიებმა კი 1 მლნ-მდე, თუმცა მაჟორიტარული სისტემის დახმარებით პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. 2021 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 825 ათასი ხმა აიღო, დანარჩენმა პარტიებმა კი – 940 ათასი. ამჟამინდელი საარჩევნო სისტემით (მაჟორიტარების გარეშე), თუ „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციური პარტიები არ ითანამშრომლებდნენ, ხელისუფლებას კარგავდა. რთული წარმოსადგენია, რომ 2020-2021 წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების რიცხვი გაზრდილიყო, ხოლო ოპოზიციის – შემცირებულიყო. ხელისუფლებას წინ რთული არჩევნები ელოდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს, საქართველოს პოლიტიკური არასტაბილურობა და დასავლური სანქციების გაფართოება ელის.

რამდენი ადამიანი დადის არჩევნებზე სინამდვილეში?

ოფიციალურად, საარჩევნო სიაში 3.5 მლნ ადამიანია, თუმცა მათგან ასობით ათასი აღურიცხავი ემიგრანტია, რომელიც არჩევნებში ვერ მონაწილეობს. ოფიციალური მონაცემები ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ არჩევნებში საშუალოდ ამომრჩევლების 51% მონაწილეობდა. სინამდვილეში, ემიგრაციაზე კორექტირებით, საპარლამენტო არჩევნების აქტივობა 63-69 პროცენტებში მერყეობს, ხოლო ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა, ხელისუფლება შეიცვალა.