ჯანდაცვის გულში

ჯანდაცვის გულში

საქართველო-ისრაელის მრავალპროფილური კლინიკა „ჰელსიკორი“ 2014 წელს დაფუძნდა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა დაიწყო. დროთა განმავლობაში დაწესებულება გაფართოვდა, მას სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტი დაემატა და 120 თანამშრომლით ამუშავებულ საავადმყოფოში დღეს 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „ჰელსიკორის“ განვითარების გზასა და გეგმებზე კლინიკის დირექტორი, არჩილ ხანთაძე გვესაუბრა.

ბატონო არჩილ, „ჰელსიკორი“ 2014 წელს დაფუძნდა – როგორი იყო პირველი ნაბიჯები და გამოწვევები? 

დიახ, წელს „ჰელსიკორს“ 10 წლის იუბილე აქვს. 2014 წელს ის ნოდარ ემუხვარის, თამარ ემუხვარისა და რონ კარმელის მიერ დაფუძნდა. რონ კარმელი იერუსალიმში, „ჰადასას კლინიკის“ სისხლძარღვთა ქირურგიის ერთ-ერთი უდიდესი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ. ის საკმაოდ ცნობილი ექიმია ისრაელში.

საწყის ეტაპზე დამფუძნებლების მიზანს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის გახსნა წარმოადგენდა. პირველი ნაბიჯი კი შენობის შეძენა იყო, სადაც სტაციონარი, მაღალტექნოლოგიური კათეტერიზაციის ლაბორატორიები და საოპერაციოები მოეწყო. აქტიურად დაიწყო კორონარული სტენტირება, ბალონირება და ასევე კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

როგორც გითხარით, თავდაპირველი იდეა მხოლოდ კარდიოლოგიური მიმართულების განვითარება იყო. შესაბამისად, გუნდი აღნიშნული მიმართულებით მომუშავე, იმ პერიოდისთვის საუკეთესო ექიმებით დაკომპლექტდა, რამაც „ჰელსიკორს“ მალევე საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა.

2021 წლის იანვარში კლინიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა დაემატა ემერჯენსი და ზოგადი რეანიმაცია. თითქმის ოთხი წლის თავზე, რა შედეგები მოგიტანათ ამ ცვლილებებმა?

გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაჩნდა მოწოდება, კლინიკებს ემერჯენსი და ზოგადი რეანიმაციის დეპარტამენტები ჰქონოდა, ასევე თვითონ ბაზრიდან გამომდინარე იყო მოთხოვნა. როდესაც საკმაოდ რთულ და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს აკეთებ, ასეთი დეპარტამენტების საჭიროება ბუნებრივადაც ჩნდება.

ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ დღეს „ჰელსიკორი“ მულტიპროფილური კლინიკაა, რომელსაც უკვე არაერთი დეპარტამენტი აქვს. მსგავსმა ნაბიჯებმა, ცხადია, კლინიკის ცნობადობის გაზრდას შეუწყოს ხელი, რაშიც განსაკუთრებით ემერჯესის მიმართულების დამატება დაგვეხმარა. მოგეხსენებათ, როდესაც სასწრაფოს ემსახურები, პაციენტებს სხვადასხვა ლოკაციიდან იღებ. ჩვენთან პირველი ვიზიტის შემდეგ, ამ პაციენტების დიდი ნაწილი „ჰელსიკორის“ მუდმივი მომხმარებელი გახდა. შესაბამისად, ცნობადობის ზრდის პარალელურად, მოიმატა მომართვიანობის შემთხვევებმაც.

განვითარება არც ამის შემდეგ შეგიწყვეტიათ – ცოტა ხნის წინ „ჰელსიკორში“ ახალი დეპარტამენტი გაჩნდა. უფრო მეტი გვიამბეთ ამ სიახლეზე.

2021 წელს, იმ სიახლეებთან ერთად, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, დავიწყეთ ნევროლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულების განვითარებაც. წელს კი ეს მიმართულებები დეპარტამენტებად ვაქციეთ, გამოვყავით სპეციალური სივრცე და შევქმენით ახალი ინფრასტრუქტურა. ამან საწოლფონდის გაზრდის საშუალება მოგვცა. ამჟამად ნევროლოგია-ნეიროქირურგია დაახლოებით 20 საწოლით არის წარმოდგენილი.

ახალი დეპარტამენტის დიზაინი და აღჭურვილობა ძალიან გამორჩეულია სტანდარტულ კლინიკებში არსებულისგან. ასე ვთქვათ, ისინი ქმნიან შინაურულ გარემოს, რაც პაციენტებს ძალიან მოსწონთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ჰელსიკორში“ ასევე არის ინსულტის ცენტრი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე კლინიკას აქვს. ბოლო წლებში ძალიან მოვძლიერდით ონკოლოგიის მიმართულებითაც, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მაღალია განკურნებული პაციენტების რაოდენობაც.

„ჰელსიკორი“ უკვე თითქმის სრულ სერვისს სთავაზობს პაციენტებს, დაწყებული დიაგნოსტიკით, დამთავრებული ოპერაციებით, როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ მკურნალობას.

როდის შეუერთდით კლინიკას და როგორია თქვენი წვლილი მის განვითარებაში?

კლინიკა „ჰელსიკორს“ 2020 წლის ოქტომბერში შემოვუერთდი. მანამდე ჩეხეთში, პრაღაში, 12 წელი ვიცხოვრე, სადაც ტურისტული კომპანია მაქვს. განათლება სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით მივიღე, ასევე ვისწავლე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზეც. აქედან გამომდინარე, როგორც მედიცინასთან, ისე ბიზნესთან მქონდა შეხება.

გარკვეული პერიოდით ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნება მომიწია. როდესაც მომეცა შანსი, „ჰელსიკორის“ გუნდს შემოვერთებოდი და მისთვის მეხელმძღვანელა, სიამოვნებით დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ ჩემი უნარები კლინიკის განვითარებას წაადგებოდა და გადავწყვიტე, ამაში ჩემი წვლილი შემეტანა. ჩემი მოსვლის შემდეგ „ჰელსიკორი“ კიდევ უფრო გაფართოვდა, გაიზარდა და ცნობადი გახდა.

კლინიკა 2014 წლიდან ემსახურება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებს – მომართვიანობიდან გამომდინარე, ამ ერთ ათწლეულში რამდენად არის შეცვლილი დაავადების მაჩვენებელი და როგორ დაიხვეწა მკურნალობის მეთოდები?

ამ პერიოდში დაავადების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია. გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ძირითადად, ცხოვრების წესითაა გამოწვეული. როდესაც გადაადგილების მთავარი საშუალება ტრანსპორტია და მცირდება ფიზიკური აქტივობა, გაზრდილია თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი და ადამიანები არაჯანსაღად იკვებებიან, ამ დაავადებების რისკიც იმატებს.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების ასაკი საკმაოდ დაკლებულია. მაგალითად, თუკი ადრე ინფარქტს ძირითადად ასაკოვან ადამიანებში შევხვდებოდით, დღეს საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად არის გაახალგაზრდავებული.

რაც შეეხება მკურნალობას, ყოველთვის ვცდილობთ, რომ თანამედროვე მეთოდები დავნერგოთ. მათ შორის, კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ვიყენებთ სტენტირებისა და სარქვლების გამოცვლის ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე მეთოდებს მივმართავთ კარდიოქირურგიაშიც.

თქვენც ახსენეთ და კლინიკის ვებგვერდზეც ვკითხულობთ, რომ „ჰელსიკორი“ ინოვაციური მკურნალობისა და პროცედურების დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ინოვაციები დანერგა კლინიკამ?

არაერთი ინოვაცია დავნერგეთ, თუმცა ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევა გულის აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული გზით გამოცვლაა. პაციენტს პროცედურა განაკვეთის გარეშე უტარდება. ეს პროცედურა პირველად ბატონმა ირაკლი გოგორიშვილმა ჩაატარა 2017 წელს „ჰელსიკორში“ და დღემდე დაახლოებით 110 ასეთი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ერთი-ორმა კლინიკამ დაიწყო, თუმცა „ჰელსიკორის“ გარეთ სულ რამდენიმე მსგავსი პროცედურაა ჩატარებული.

გარდა ამისა, ონკოლოგიაში დავიწყეთ ამა თუ იმ ორგანოს ელექტროტალღური და რადიოსიხშირული აბლაციები, რაც საკმაოდ თანამედროვე მეთოდად არის მიჩნეული. ის, ძირითადად, მცირე ზომის სიმსივნეებზეა გათვლილი. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი ზომით დიდია, მაშინ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. მაგალითად, ერთიდან ორ სანტიმეტრამდე სიმსივნურ წარმონაქმნებზე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

„ჰელსიკორი“ ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკაა. როგორ იზიარებთ ჯანდაცვის მიმართულებით ისრაელის გამოცდილებას?

დიახ, ეს მხოლოდ დასახელება არ არის. უკვე ვისაუბრეთ „ჰელსიკორის“ თანადამფუძნებელზე, რონ კარმელზე, რომელიც „ჰადასას კლინიკაში“ გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებასთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქიდან მოგვაქვს ახალი, თანამედროვე მიდგომები და გაიდლაინები.

ისრაელიდან ხშირად გვსტუმრობენ ექიმები, რომლებიც ჩვენს პერსონალს გამოცდილებას უზიარებენ. ისრაელში „ჰელსიკორის“ თანამშრომლებსაც ხშირად ვგზავნით. მათ შორის, პირადად მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი „ჰადასას კლინიკაში“ იდეების, მკურნალობის მეთოდების წამოსაღებად და საავადმყოფოს სტრუქტურის გასაცნობად.

მინდა გითხრათ, რომ ეს არის იერუსალიმში გაშენებული ერთგვარი პატარა ქალაქი, სამედიცინო კომპლექსი, სადაც ძალიან ცნობილი და ძლიერი სპეციალისტები მუშაობენ.

ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის პოზიციიდან, რას შევცლიდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში?

ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ძალიან დიდი გამოწვევაა მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფუფუნება, რომელიც ჩვენთან სრულიად უფასოა მოსახლეობისთვის, მსოფლიოს მხოლოდ ერთეულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი. ძალიან განვითარებული და მდიდარი სახელმწიფოებიც ვერ უზრუნველყოფენ, რომ მსგავსი სერვისი პაციენტებს უფასოდ მიაწოდონ. ამ ქვეყნებში მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევისთვის ხელფასის გარკვეულ პროცენტს იხდის. მაგალითად, ამისთვის ჩეხეთში ცხოვრებისას ჩემი ხელფასიდან 13.5%-ს ვიხდიდი. აქ შედის კომპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც.

პირველ რიგში, გამოწვევაა ინფლაცია. ჯანდაცვის ბიუჯეტი ფასების გაძვირებას ვერ ეწევა. შეუძლებელია, სახელმწიფომ ჯანდაცვის ბიუჯეტი ასეთი ტემპებით გაზარდოს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას საპენსიო ფონდის მსგავსი სისტემა, სადაც დაზღვევის უზრუნველსაყოფად თანხას კომპანია და დასაქმებული გადაიხდიან.

ეს გააჩენს საშუალებას, რომ მაღალტექნოლოგიური და ძვირად ღირებული ოპერაციები სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ ვერ ფინანსდება სარქვლის გამოცვლა ტრანსკათეტერული გზით (TAVI), რადგან პროცედურა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მოსახლეობის დახმარების გარეშე ვერ ჩატარდება – ამისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსი არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ვფიქრობ, ყველა პაციენტს უნდა ჰქონდეს კერძო ან საყოველთაო დაზღვევა. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი საერთოდ არ არიან დაზღვეულები. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს მკურნალობა ძალიან ძვირი უჯდებათ.

მოდი, კვლავ „ჰელსიკორს“ დავუბრუნდეთ – რა იქნება განვითარების კუთხით შემდეგი ნაბიჯები?

რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები უკვე დავგეგმეთ. მენეჯმენტს შემუშავებული გვაქვს 5-წლიანი გეგმა, რომელსაც ყოველთვის მივყვებით.

გვინდა, „ჰელსიკორში“ ყველა სერვისი იყოს დაფარული, ამ კუთხით უკვე ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ კლინიკამ დაახლოებით 120 თანამშრომლით დაიწყო ფუნქციონირება და დღეს მათი რიცხვი 500-ს აღემატება. გაფართოება და დეპარტამენტების დამატება დასაქმებულთა რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის.

კლინიკიდან თანდათან მივიწევთ იმ ეტაპამდე, რომ დიდ ჰოსპიტლად გადავიქცეთ. დღეს მთლიანობაში 160 საწოლით ვართ წარმოდგენილი და ეს საქართველოში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასევე ჩართული ვართ ემერჯენს-სისტემაში და დიდუბის რაიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრს წარმოვადგენთ.

ჩვენი მიზანია, კლინიკა კიდევ უფრო განვითარდეს, „ჰელსიკორის“ თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, პაციენტებს კი ვუმკურნალოთ ინოვაციურად, ხარისხიანად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.

S