ტრამპის მიერ ეროვნული დაზვერვის უფროსად გაბარდის დანიშვნამ კრიტიკა დაიმსახურა

ტრამპის მიერ ეროვნული დაზვერვის უფროსად გაბარდის დანიშვნამ კრიტიკა დაიმსახურა

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად ტულსი გაბარდის კანდიდატურა წარადგინა. ამან საზოგადოებაში დიდი კრიტიკა დაიმსახურა და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ სადაზვერვო უწყებების პოლიტიზება მოსალოდნელია.

ტულსი გაბარდი ყოფილი დემოკრატი კონგრესვუმენია, რომელსაც სადაზვერვო უწყებებში საქმიანობის დიდი გამოცდილება არ აქვს. სადაზვერვო საზოგადოების კრიტიკაც სწორედ მისი კომპეტენციის ნაკლებობას უკავშირდება. საზოგადოებაში სულ უფრო აქტიურად განიხილება ის საკითხი, რომ დონალდ ტრამპი უმაღლეს თანამდებობებზე პირებს პერსონალური პრეფერენციების მიხედვით ნიშნავს და არა კომპეტნეციის.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები შიშობენ, რომ უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლები პრეზიდენტს ისეთი ინფორმაციით მოამარაგებენ, რისი გაგებაც მას სურს და რეალური საფრთხეების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ მიაწვდიან. აშშ-ის არმიის რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენამ კითხვები რესპუბლიკელ სენატორებშიც გააჩინა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სენატში მისი კანდიდატურის მხარდაჭერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.

ტულსი გაბარდი რუსეთისა და სირიის მიმართ საკამათო დამოკიდებულებითაა ცნობილი. გაბარდი აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებისათვის. გარდა ამისა, ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს სირიის სამოქალაქო ომში აშშ-ის ჩართულობასაც ოპონირებდა. 2017 წელს კი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ცნობისთვის, აშშ-მა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს გაწყვიტა.