რა გაძვირდა და გაიაფდა ნოემბერში?

რა გაძვირდა და გაიაფდა ნოემბერში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0.7%, წლიური ინფლაციის დონემ კი 1.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6%-ს გაუტოლდა.

ცნობისთვის, საბაზო ინფლაციის დაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადად აისახა ფასების ცვლილება შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები +2.2%. რაც შეეხება ქვეჯგუფებს, ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4%), ზეთი და ცხიმი (3.3%), თევზეული (2.6%) და სხვა.

ჯანმრთელობის დაცვა +0.9%. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (1.4%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.3%).

ტრანსპორტი -1.5%. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.5%-ით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.5%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადად აისახა ფასების ცვლილება შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები +3.1%. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ზეთი და ცხიმი (5.0%), ხილი და ყურძენი (3.6%) და სხვა.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება +6.6%. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.6%) და და სხვა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო +5.1%. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1%).

კავშირგაბმულობა +12.9%.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -3.7%. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5.2%-ით და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 2.7%-ით.