დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ისე პარტია „ქართულმა ოცნებამაც“.
საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის ძალადობა დაგმო და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა. მაკრონმა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისაკენ მოწოდებაც გააჟღერა.
ფრანგული მხარის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი თავად ემანუელ მაკრონი გახლდათ. ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული კურსის გადახვევაზე. მან ხელისუფლებას მოუწოდა დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი და მაკრონი მომდევნო დღეების განმავლობაში განმეორებითი ზარის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, სადაც მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა.