მოსკოვში, რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი აფეთქების შედეგად მოკლეს. საგამოძიებო დეპარტამენტის თანახმად, კირილოვი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კირილოვთან ერთად მისი ასისტენტის ლიკვიდაციაც მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო უწყებების ცნობით, აფეთქება იგორ კირილოვის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, კრემლიდან 7 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესასვლელთან მდგომ ელექტროსკუტერზე იყო დამაგრებული და ის, დიდი ალბათობით, დისტანციურად გააქტიურდა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ აუღია, მის ლიკვიდაციაში წვლილი, სავარაუდოდ, უკრაინის სპეცსამსახურებსაც მიუძღვით. 16 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი, უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებით ოფიციალურად დაადანაშაულა.
იგორ კირილოვი ცნობილი საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული კომენტარებითაც გახლდათ. ის თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებდა. აშშ-ის დაფინანსებით აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას იგორ კირილოვი ახალი ვირუსების შექმნაში ადანაშაულებდა.