ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა

Kazaeronavigatsiya-ს ინფორმაციით, აქთაუს აეროპორტთან ახლოს Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მისივე ცნობით, Embraer 190 რეისს AHY8243 ბაქო-გროზნოს მარშრუტზე ასრულებდა, როდესაც ფრინველებთან შეჯახების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.

„წინასწარი მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37, ყაზახეთის ექვსი, ყირგიზეთის სამი და რუსეთის ფედერაციის 16 მოქალაქე იმყოფებოდა“, – იტყობინება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახური.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გადარჩენილია 25 ადამიანი, აქედან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაკატასტროფის შემდეგ Embraer 190-ს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 14 ბრიგადაა მობილიზებული.