ყაზახეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ეროვნული კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ რუსული „ლუკოილის“ ბულგარეთში მდებარე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შესყიდვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.
როგორც გამოცემას წყაროებმა აცნობეს, Litasco-მ, Lukoil Neftohim Burgas-ის მთავარმა აქციონერმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ რამდენიმე პოტენციური მყიდველისგან, მათ შორის „ყაზმუნაიგაზისგან“ შეთავაზება უკვე მიიღო.
სააგენტოს ცნობით, KMG გაყიდვის პროცესის დაახლოებით ერთი თვეში დასრულებას იმედოვნებს. ბულგარეთში მდებარე ქარხნის გასაყიდი ფასი კი, სავარაუდოდ, $1 მილიარდი იქნება. ყაზახური კომპანია ელის, რომ ბულგარეთის მთავრობა გარიგებას მხარს დაუჭერს, რადგან, მისი წარმომადგენლების განცხადებით, ყაზახეთის ნედლი ნავთობის ხარისხის რუსულის მსგავსია.
Forbes Kazakhstan-ი კომენტარისთვის „ყაზმუნაიგაზის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად გარიგების დეტალები განიხილება.
„„ყაზმუნაიგაზი“ მიწვეული იყო „ლუკოილის“ მიერ ბულგარეთში, Lukoil Neftochim Burgas-ის გადამმუშავებელი ქარხნის შესყიდვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დეტალები განიხილება. თუ გავითვალისწინებთ „ყაზმუნაიგაზის“ მფლობელობას რუმინეთში ორ გადამამუშავებელ ქარხანაზე – Vega-სა და Petromidia-ზე (KMG-ის წილი 54,63%), ეს გარიგება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიის შესაძლებლობებს გააფართოებს“, – განაცხადეს „ყაზმუნაიგაზში“.
„ყაზმუნაიგაზი“ და „ლუკოილი“ ერთმანეთთან არაერთ პროექტში თანამშრომლობენ. მათ შორის, 2023 წელს „ლუკოილი“ გახდა „ყაზმუნაიგაზის“ სტრატეგიული პარტნიორი კასპიის ზღვის შელფზე წიაღისეულის ათვისებაში.