სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
კანონპროექტი დღეს გამართულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა. ახლა კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება ევროკავშირში გაწევრიანებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია.
„ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფერენდუმამდე გარკვეული ქმედებებია საჭირო – განვიხილოთ, შევიმუშაოთ საგზაო რუკა ევროკავშირთან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.