SpaceX-ის Starship-ი მეშვიდე სატესტო ფრენისას აფეთქდა

SpaceX-ის Starship-ი მეშვიდე სატესტო ფრენისას აფეთქდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი Starship-ის განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს, 17 იანვარს, კომპანიამ რაკეტა მეშვიდე სატესტო ფრენისას გამოცადა.

Starship-ი ტეხასში, ბოკა-ჩიკაში მდებარე კოსმოდრომიდან თბილისის დროით 02:37 საათზე აფრინდა. აფრენიდან დაახლოებით შვიდწუთ-ნახევრის შემდეგ, Super Heavy-ის სახელწოდებით ცნობილმა მრავალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელმა სიჩქარეს უკლო და დედამიწაზე დაბრუნება დაიწყო. ის SpaceX-ის სპეციალურ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა. ამ მანევრის წარმატებით განხორციელება ამაჩქარებელმა პირველად მეხუთე სატესტო ფრენის დროს შეძლო.

რაც შეეხება Starship-ის მეორე საფეხურს, როგორც პირდაპირი ტრანსლაციიდანვე გაირკვა, მას მისიის დროს ძრავებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. SpaceX-ის გუნდმა აპარატთან კავშირი გაწყვიტა, მალევე კი, ცაზე აფეთქების კვალი გამოჩნდა.

Starship-ის მეშვიდე მისიას SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, X-ზე გამოეხმაურა. მან ინციდენტის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „წარმატება საეჭვოა, თუმცა სანახაობა – გარანტირებული!“

SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.