უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებისთვის უმაღლეს რადას კანონპროექტს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას The Odessa Journal-ი ავრცელებს.
„ამ შეთანხმების ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდაცვის სისტემების, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების შესაძენად, ასევე სამხედრო ტექნიკისა და სხვა იარაღის სარემონტო ბაზების შესაქმნელად 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადმოგვცემს “, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა.
შმიჰალის თქმით, მსგავსი ბაზები უკრაინაშიც განთავსდება. მისივე განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
როგორც აღვნიშნეთ, დაფინანსება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ, ასევე თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და წარმოებისკენ იქნება მიმართული.
„მადლობას ვუხდით გაერთიანებულ სამეფოს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ამის წყალობით, უკრაინა მიიღებს კრიტიკულ იარაღს მოკლევადიან პერსპექტივაში, რათა დაიცვას ცა და მთლიანად ქვეყანა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამჭვირვალობისა და სახსრების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, ერთობლივი კომისია შეიქმნება. ის ორივე მთავრობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტება და სესხის მიზნობრივ გამოყენებას ზედამხედველობას გაუწევს.