სემ ოლტმენმა OpenAI-ის შესყიდვაზე მასკის $97-მილიარდიანი შეთავაზება დაბლოკა

სემ ოლტმენმა OpenAI-ის შესყიდვაზე მასკის $97-მილიარდიანი შეთავაზება დაბლოკა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა და რამდენიმე სხვა ინვესტორმა, OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენს ხელოვნური ინტელექტის ფირმის შესასყიდად $97.4-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთეს. თუმცა მასკის შეთავაზება, სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით ოლტმენმა მალევე დაბლოკა და მილიარდერს ირონიული ტექსტითაც უპასუხა.

„არა, გმადლობთ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია $9.74 მილიარდად Twitter-ი შევიძინოთ, თუ გსურთ“, – წერს ოლტმენი X-ზე, რომელიც ილონ მასკის საკუთრებაშია. ოლტმენის განცხადებას მოგვიანებით მასკიც გამოეხმაურა და OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს „თაღლითი“ უწოდა.

მასკის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა და მილიარდერის წინადადება პოტენციურად ოლტმენის გეგმებსაც დაუკავშირა – OpenAI არაკომერციულიდან მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად აქციოს. თუმცა, ილონ მასკი, რომელიც 2015 წელს ოლტმენთან ერთად OpenAI-ის თანადამფუძნებელთა შორის იყო, ახლა ამ უკანასკნელთან სამართლებრივ დავაშია ჩართული.

თავდაპირველი სარჩელით, მასკი კომპანიასა და მის აღმასრულებელ დირექტორს სტარტაპის პირველადი მისიისაგან გადახვევაში ადანაშაულებდა. გასული წლის ნოემბერში, მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი გააფართოვა და კომპანია Microsoft-თან ერთად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბაზრის მონოპოლიზების მცდელობაში დაადანაშაულა.

ოლტმენსა და მასკს შორის ურთიერთობა რამდენიმე კვირის წინაც დაიძაბა. მაშინ საქმე ტრამპის ერთობლივ კომპანიას ეხებოდა, რომელსაც პრეზიდენტის გეგმით OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ და Stargate-ი ერქმევა.

ილონ მასკმა გეგმა ეჭვქვეშ დააყენა და დაწერა, რომ რეალურად ამისთვის საკმარისი ფინანსები თუნდაც SoftBank-ს არ გააჩნდა, ხოლო მის შეფასებას ოლტმენმა ამ შემთხვევაშიც ირონიული კომენტარით უპასუხა: „მესმის, რომ ის, რაც ქვეყნისთვის კარგია, თქვენი კომპანიებისთვის ყოველთვის ოპტიმალური არ არის. თუმცა ვიმედოვნებ, რომ თქვენს ახალ ამპლუაში ამერიკას წინ დააყენებთ“.