დაკარგული მოკავშირეები: რით ემუქრება აშშ-ის სანქციები ქართველ ჩინოსნებს?

დაკარგული მოკავშირეები: რით ემუქრება აშშ-ის სანქციები ქართველ ჩინოსნებს?

ავტორი: ვახტანგ ფარცვანია

ავტორის შესახებ: ვახტანგ ფარცვანია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და მენეჯმენტის პროფესორია კავკასიის უნივერსიტეტში

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს თანამდებობის პირების მიმართ ბოლოს დროს გამოყენებული სანქციები წარმოადგენს მნიშვნელოვან ესკალაციას ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების კუთხით. 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააკისრა ვახტანგ გომელაურს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, და მირზა კეზევაძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მათ მიერ მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობაში შესრულებული წამყვანი როლისთვის. ეს განცხადება მოჰყვა რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში დემოკრატიის შემაფერხებელი საქართველოს თანამდებობის პირებისთვის დაკისრებულ სავიზო შეზღუდვებს, და რამდენიმე კვირით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის განცხადებას.

აღნიშნული მოქმედებების მიზანი არის ქართული ოცნების მმართველი პარტიის გამოფხიზლება, რომლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არავის ეშინია სანქციების, და მოითხოვა კიდეც “პატრიოტების ამ საპატიო სიაში” თავის შეყვანა, და თითქოს უგულებელყო პოტენციური შედეგები. თუმცა სანქციებს ხელშესახები შედეგები მოჰყვება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს პირად ცხოვრებაზე, ფინანსურ მდგრადობასა და საერთაშორისო პოზიციაზე. რუსეთის თანამდებობის პირებისა და ოლიგარქებისთვის დაკისრებული მსგავსი ზომებით გამოწვეულ შედეგებზე დაკვირვება გარკვეულწილად მიგვითითებს, თუ რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდნენ ქართველი თანამდებობის პირები.

აქტივების გაყინვა

აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების პირობებში, ყველა საკუთრება და ფინანსური აქტივი ამერიკის იურისდიქციაში, რომელიც ეკუთვნის სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს, იყინება. აქ იგულისხმება საბანკო ანგარიშები, კერძო საკუთრება, ბიზნესინტერესები და სხვა აქტივები. დამატებით, აშშ-ის წარმომადგენლებს და სუბიექტებს ეკრძალებათ ასეთ პირებთან ნებისმიერი სახის ტრანზაქციის წარმოება.

აშშ-ის სანქციები სცდება ამერიკის საზღვრებს, რადგან აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტები წამყვან როლს ასრულებენ გლობალურ ეკონომიკაში. დასავლეთის ქვეყნებში არსებული აქტივები – იქნება ეს ევროპა, კანადა თუ ავსტრალია – თანაბრად მოწყვლადი ხდება, რადგან იქ ხშირად სანქციების პოლიტიკებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უსადაგებენ. დამატებით, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ემორჩილებიან აშშ-ის სანქციებს, რათა თავიდან აირიდონ თანამდევი ჯარიმები, რაც სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საკუთარ აქტივებზე ან ქონებაზე წვდომას ან მათ გადატანას.

აქტივების გაყინვით გამოწვეული შედეგები მძიმეა. რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, რომლის აქტივებიც გაერთიანებულ სამეფოში 2022 წელს გაიყინა, მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ ახერხებს საბაზისო ხარჯების დაფარვას, მათ შორის სახლის დასუფთავების ხარჯების ანაზღაურებას. ანალოგიურად მილიარდერმა პიოტრ ავენმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი ფინანსური იმპერიის რღვევის გამო, რომლის შენებასაც სამ ათეულ წელიწადზე მეტი მოანდომა. ასევე საგულისხმოა ალიშერ უსანოვის ფინანსური მდგომარეობა, რომლის საკუთრებასაც გერმანიაში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაედო ყადაღა 2022 წელს დაკისრებული სანქციების შედეგად. ყადაღას დაექვემდებარა აღნიშნული პირის ძვირად ღირებული ვილები, იახტები და პირადი თვითმფრინავები. რომან აბრამოვიჩი, საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელი იძულებული გახდა გაეყიდა გუნდი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო სამსახურების მიერ მისი აქტივების გაყინვისა და ფინანსური გარიგებების შეზღუდვის შემდეგ.

ქართველ ჩინოვნიკებს ახლა მსგავსი ბედი ელით. დასავლურ ინსტიტუტებს შეზღუდვების გამოყენება შეუძლიათ აშშ-ის ფინანსურ სისტემებთან ან ბიზნესგარიგებებთან ირიბი კავშირის შემთხვევაშიც. აშშ-ის გლობალურ ფინანსურ ქსელში, როგორიც არის SWIFT-ი, დომინანტობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარის უპირატესობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ზემოქმედება გასცდება ამერიკის საზღვრებს, შეაფერხებს ასეთი პირების ფინანსურ მდგრადობას და შეამცირებს ხელმისაწვდომ რესურსებს.

სავიზო შეზღუდვები

სანქციებს დაქვემდებარებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაკისრება კიდევ უფრო აძლიერებს მათ იზოლაციას, აფერხებს მათთვის დასავლურ ქვეყნებში განათლების, ჯანმრთელობისა და დასვენების ხელმისაწვდომობას. მედიის ანგარიშები მიუთითებს, რომ სანქციები გავრცელდა ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, და მისი ვაჟი იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტი დაეტოვებინა. 

ქართველი თანამდებობის პირებისთვის სავიზო შეზღუდვა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ აშშ-ში დაბადებულ და აშშ მოქალაქეობის მქონე შვილებს. გავლენა კიდევ უფრო მძიმე იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა თანამდებობის პირმა დიდი დრო დახარჯა საკუთარი შვილებისთვის დასავლური განათლებისა და მოქალაქეობის უზრუნველყოფაზე. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბევრ პირს ჰყავს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და გერმანიაში დაბადებული შვილი, ან მათი შვილები სწავლობენ საზღვარგარეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში. ეს კავშირები ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან პირად კავშირებს, რომლებიც ჩინოვნიკებს აქვთ და რომლებიც სერიოზული გავლენის ქვეშ მოექცევა შეზღუდვების დაწესებით.

აშშ-ის სანქციების მკაცრი კანონმდებლობა გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის, რაც გავლენას ახდენს ოჯახებზე. თანამდებობის პირები და მათი ახლობლები დაკარგავენ წვდომას აშშ-ზე, მათ შორის წვდომას ტურისტული მიზნებითაც, რაც მთელ რიგ გამოწვევებს წარმოქმნის.

რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას შემთხვევა გასათვალისწინებელი მაგალითია. 2018 წელს სანქციების დაკისრების მიუხედავად, დერიპასკამ სცადა შეზღუდვების გვერდის ავლა,რათა მისი შვილები დაბადებულიყვნენ აშშ-ში. მისმა ამ მცდელობამ გამოიწვია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მათ შორის მის ახლობელ ამერიკის მოქალაქეზე, რომელმაც სანქციები დაარღვია მათი დარღვევა კი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ასეთი მაგალითები გვიჩვენებს სანქციების შედეგებს, რომლებიც ვრცელდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. 

საქართველოში სავიზო შეზღუდვების გამოყენება პირველად მოხდა 2023 წელს. აღნიშნული სანქციები მიმართული იყო ოთხი მოსამართლის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ კორუფციაში ბრალდების გამო. ამ ნაბიჯმა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო კრიტიკა დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს ზომები. შეზღუდვების უფრო მეტ ჩინოვნიკზე გავრცელებით კიდევ უფრო გაიზრდება უთანხმოება პარტიის რიგებში, რაც დამატებით გაართულებს შიდაპარტიულ ურთიერთობას. 

ფინანსური ტრანზაქციის შეზღუდვები

სანქციებს დაქვემდებარებული პირები დაკარგავენ წვდომას საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან აშშ-ის ისეთ ფინანსურ ქსელებზე, როგორიც არის Visa და Mastercard-ი. ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოსთვის, სადაც რუსეთის MIR-ისა ან ჩინეთის UnionPay-ისგან განსხვავებით დამოუკიდებელი საგადახდო სისტემების ნაკლებობაა. შედეგად, სანქციებს დაქვემდებარებული პირები ვერ გამოიყენებენ Visa- ან Mastercard-ბარათებს, მათ შორის ქართული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებს, და შეეზღუდებათ წვდომა საბანკო აქტივებსა და ადგილობრივ ფინანსურ ტრანზაქციებზე.

ოთარ ფარცხალაძე, რუს-ქართველი ოლიგარქი და ყოფილი გენერალური პროკურორი 2023 წლის სექტემბერში მოექცა სანქციების ქვეშ, რაც საგულისხმო მაგალითია. მისი ანგარიშები ქართულ ბანკებში გაიყინა სანქციების გამოცხადებიდან მოკლე ვადაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიც კი ითვალისწინებენ აშშ-ის დირექტივებს. მალევე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეუზღუდა მას ანგარიშებსა და საბანკო ოპერაციებზე წვდომა. თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის შედეგად, რამაც მაღალი თანამდებობის მენეჯერების მიერ თანამდებობის დატოვება და კომერციული ბანკების წინააღმდეგობა გამოიწვია, რომლებმაც განაგრძეს სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედება.

რისკები სცდება ინდივიდუალურ პირებს. თუ დადგინდება, რომ ქართული ბანკები ხელს უწყობენ სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, მაშინ მათ დაეკისრებათ ის სანქციები, რომლებიც დადგენილია სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის შეზღუდვების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები ქართული ფინანსური სისტემისთვის. საქართველოს უმსხვილესი ბანკები, როგორიც არის თიბისი და საქართველოს ბანკი, ღრმად არიან ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ ჩარჩოში. აღნიშნული ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის მათთვის გლობალური ბაზრების ხელმისაწვდომობას, შეაფერხებს ვაჭრობას და მოახდენს უცხოური ინვესტიციების შემოდინების პარალიზებას. დამატებით, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სახელმწიფო მოახდენს სანქციების შედეგად მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებას თავად პრემიერს და კომპენსაციების გაცემაში მონაწილე სხვა პირებს სანქციების დაკისრების სერიოზული რისკის წინაშე აყენებს.

რუსეთთან შედარება მიგვითითებს ამ რისკების მასშტაბებზე. 2022 წლის სანქციების შემდეგ, რუსეთის საბანკო გიგანტები Sberbank-ი და VTB ჩამოშორდა SWIFT-ის საგადახდო სისტემას, გაიყინა საერთაშორისო ოპერაციები, რამაც გამოიწვია სერიოზული ფინანსური დანაკარგები. ამ ზომებმა განაპირობა რუსეთის ფინანსური სექტორის დესტაბილიზაცია, შეიზღუდა წვდომა უცხოურ ვალუტაზე და ქვეყანა დამოკიდებული გახადა ადგილობრივი გადახდების სისტემაზე. თუ იგივე მოქმედებები განხორციელდება საქართველოს ბანკების წინააღმდეგ, შედეგები გამოიწვევს ქვეყანაში მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, მათ შორის ქართული ლარის გაუფასურებას, ინფლაციას და ფინანსური სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვას.

ფარცხალაძის მიერ დანაკარგების შერბილების მცდელობა მიუთითებს გამოწვევების მძიმე ხასიათზე. მან საკუთარი აქტივები – მათ შორის 12 საკუთრება – მიწა, საცხოვრებელი და კომერციული ფართები და ოჯახის ეკლესია – თავისი ვაჟის სახელზე გადაიტანა და იუსტიციის სამინისტროს დახმარებით გააუქმა საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა ასეთი ტაქტიკა, პირიქით, იწვევს უფრო მკაცრ სანქციებს და ართულებს სამომავლო მოქმედებების განხორციელებას. საერთაშორისო ფინანსური გარემო შეზღუდულ შესაძლებლობებს უტოვებს სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს, და მათი მოქმედებები დამატებით სანქციებს აკისრებს როგორც თავად სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს, ასევე მათ ხელშემწყობ ინსტიტუტებს.

დამატებითი გართულებები

აშშ-ის სანქციების ცალკე აღებულად დაკისრება იშვიათად ხდება. მოკავშირე ერები, მათ შორის ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ხშირად პასუხობენ ამ მოქმედებებს. ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს სანქციები დაეკისრა ქართველ ჩინოვნიკებს, მათ შორის გომელაურს, რაც პასუხობს ვაშინგტონის მიერ მიღებულ ზომებს. ამ ერებს აქვთ საერთო მონაცემები სანქციებს დაქვემდებარებულ პირებზე და ხშირად ამატებენ ასეთ პირებს საკუთარ სიას. მრავალმხრივი მიდგომა ამძიმებს სამიზნე პირებზე წნეხს, და მათ გამოსავლის მხოლოდ მწირ არჩევანს უტოვებს.

სანქციების მოხსნა იშვიათია და, როგორც წესი, განპირობებულია ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებით, სამართლებრივი გამოწვევებით ან წარმატებული დიპლომატიური მოლაპარაკებებით. ბანკირი ოლეგ ტინკოვი მოიხსნა გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიიდან მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, ჩამოშორდა რუსეთის პოლიტიკას და ჩაერთო სამართლებრივ აქტივობებში, ანალოგიურად, 2024 წლის აგვისტოში, ილია ბროდსკი, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი ამოღებული იქნა აშშ-ის სანქციების სიიდან, რასაც წინ უძღოდა ორ წელზე ხანგრძლივი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა, მათ შორის ოფიციალური პეტიცია და სასამართლო საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ საქმის განხილვის შეფერხების გამო. სანქციების სიიდან ამოღების სხვა შემთხვევები, რომლებიც რუსეთს უკავშირდება, ძალიან იშვიათია, და ეხება მხოლოდ მცირე ბიზნესმენებს და არა მთავრობის წარმომადგენლებს.

ეს მაგალითები მიუთითებს განსაკუთრებულ გარემოებებსა და სამართლებრივ მოქმედებებზე, რომლებიც აუცილებელია სიიდან ამოღებისთვის. ქართველი ჩინოვნიკების შემთხვევაში, ანალოგიური შედეგების მიღება მოითხოვს სადავო პოლიტიკების ან პოლიტიკური პირებისგან მკაფიო და საჯარო განდგომას, ასევე სამართლებრივი ზომების მიღებას.

მოკავშირე ქვეყნებს შორის კოორდინაცია ხაზს უსვამს რისკების ფართო სპექტრს, რომლის წინაშეც დგას ქართული ოცნება. მმართველი პარტიის მიერ ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება და განსხვავებული აზრის ჩახშობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს. საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებები მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის მიმართ მოთმინების დაკარგვაზე. 

არასწორი გათვლების ფასი

მიუხედავად საერთაშორისო წნეხისა, ქართული ოცნება შესაბამისად არ აფასებს სანქციების გრძელვადიან შედეგებს. ბოლო დროის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების შეჩერება და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, მიუთითებს მოკლევადიან გათვლაზე, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ნაცვლად ძალის კონსოლიდაციას ანიჭებს უპირატესობას. მთავრობის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დასავლელი მოკავშირეების მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა, და გააძლიერა საქართველოს, როგორც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნის იმიჯი. აღნიშნული მოქმედებები შეესაბამება ანტიდასავლური ნარატივის ფართო სპექტრს, რომელიც სარგებლობს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით და აკნინებს ევროინტეგრაციის ძალისხმევის მიმართ საზოგადოების ნდობას.

სანქციებს დაქვემდებარებული რუსული ელიტის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ნაბიჯები იშვითად არის სასარგებლო. სანქციები არა მხოლოდ დაუყოვნებლივი პირადი და ფინანსური სირთულეების, არამედ გრძელვადიანი რეპუტაციული ზიანისა და იზოლაციის საფუძველია. მაგალითისთვის, დერიპასკამ, დაკისრებული სანქციებიდან ერთი წლის შემდეგ საშუალოდ 7.5 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო ფრიდმანმა 15 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა ლუქსემბურგში გაყინული აქტივებისთვის. ქართველი ჩინოვნიკების შემთხვევაში რისკები თანაბარია: პროცესი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ პირად კეთილდღეობას, არამედ საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და საერთაშორისო პოზიციონირებას. 

სანქციების გამკაცრებასთან ერთად ქართულმა ოცნებამ უნდა შეაფასოს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ორბიტის მიმართულებით აღებული გეზის და დასავლელი მოკავშირეებისგან ჩამოშორებით გამოწვეული შედეგების ფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ გაფრთხილებების უგულებელყოფა გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს – ეს იქნება რეალობა, რომელზეც ქართული ოცნება მალე ვეღარ დახუჭავს თვალს.