მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი იმ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც 2024 წელს არჩევნები ჩატარდა. გასულ წელს, ჯამში 70-ზე მეტ ქვეყანაში, 1.65 მილიარდამდე ბიულეტენი დაითვალეს. თუმცა, მიუხედავად 2024 წელს გამართული რეკორდული რაოდენობის დემოკრატიული არჩევნებისა, Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის უახლესი ინდექსით, გლობალური დემოკრატია ახლა იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ამ ინდექსის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოდესმე ყოფილა.
2006 წლიდან EIU 167 ქვეყანასა და ტერიტორიას 1-დან 10-მდე სკალით, ხუთი ძირითადი კრიტერიუმის გამოყენებით აფასებს, ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. შემდეგ კი ქვეყნები ოთხ ჯგუფში ნაწილდებიან: სრული დემოკრატიები, ნაკლოვანი დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.
ზედიზედ უკვე მე-16 წელია, მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, 9.81 ქულით, ნორვეგია სახელდება. მას მოჰყვება ახალი ზელანდია და შვედეთი. 2021 წლის შემდეგ რეიტინგის ბოლო ადგილზე ავღანეთია, რომელსაც 0.25 ქულა აქვს.
ყველაზე დიდი ცვლილება ბანგლადეშში მოხდა, რომელმაც შედეგები 25 პოზიციით გაიუმჯობესა. შეიხ ჰასინას მრავალწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, ბანგლადეშში დემოკრატიის აღდგენა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. თუმცა დროებითი ტექნიკური მთავრობის ხელმძღვანელი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამად იუნუსი ეკონომიკის აღდგენისა და წესრიგის დამყარების პირობას დებს.
მიუხედავად გარკვეულ ქვეყნებში უკეთესობისკენ ცვლილებებისა, დემოკრატიის ინდექსში გლობალური საშუალო მაჩვენებელი ახალ რეკორდულ მინიმუმამდე, 5.17-მდეა დავარდნილი. მანამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2015 წელს, 5.55 დაფიქსირდა. EIU-ის უახლესი ანგარიშით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 6.6% სრულ დემოკრატიაში ცხოვრობს – ნაკლები, ვიდრე ათი წლის წინ (12.5%). ამის პარალელურად კი მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი – ამჟამად, ხუთიდან ორი ადამიანი – ავტორიტარული მმართველობის ქვეშაა.
მიუხედავად დემოკრატიული არჩევნების რეკორდული რაოდენობისა, ინდექსის წლევანდელი ანგარიში არაერთ დარღვევებით ჩატარებულ კენჭისყრაზეც მიუთითებს. მათ შორის ასახელებს რუსეთის შემთხვევას, სადაც „კიდევ ერთმა ყალბმა არჩევნებმა პუტინს პრეზიდენტობის ვადა დამატებით 5 წლით გაუხანგრძლივა”. ინდექსში რუსეთი მხოლოდ ორი ქულითაა შეფასებული და ავტორიტარულ რეჟიმებშია გადანაწილებული.
აღსანიშნავია, რომ ინდექსის პირველი ათეულიდან ცხრა ქვეყანა ევროპის სახელმწიფოებზე მოდის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ინდექსის ქულა შემცირებულია. მაგალითისთვის, ასეთია საფრანგეთი, რომელმაც სრული დემოკრატიიდან ნაკლოვანი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოების ჯგუფში გადაინაცვლა. ეს ძირითადად მთავრობის მიმართ ნდობის გაუარესებისა და ივნისში ჩატარებული არჩევნების დამსახურებაა, რომელშიც მაკრონმა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხა. რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევისა და კამპანიის დაფინანსებების ბრალდების შემდეგ ქულები დაკარგა რუმინეთმაც. სრულიად დემოკრატიულ სახელმწიფოებში აღარ გვხვდება სამხრეთი კორეაც, რომელიც პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მოქმედების გამოცხადების შემდეგ კრიზისში აღმოჩნდა.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ნაკლოვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნების ჯგუფში რჩება და საერთო რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. თუმცა ანგარიში ქვეყნის სხვა ძირითად გამოწვევებზეც მიუთითებს. მათ შორის ტრამპის ხელმეორედ არჩევაზე, რომელმაც ინაუგურაციიდან პირველ თვეში ხელი უკვე უამრავ სადავო ბრძანებას მოაწერა.
რაც შეეხება საქართველოს, გლობალურ რეიტინგში ქვეყანა 94-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი და 4.7 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა გასული წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ 5.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ინდექსის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ჰქონდა – 6.0 ქულა. ამის მიუხედავად, ანგარიშის შედგენის დღიდან (2006 წელი) საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების ჯგუფში რჩება.
EIU-ის ინდექსის მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოების ათეული:
- ნორვეგია – 9.81 ქულა
- ახალი ზელანდია – 9.6 ქულა
- შვედეთი – 9.4 ქულა
- ისლანდია – 9.4 ქულა
- შვეიცარია – 9.3 ქულა
- ფინეთი – 9.3 ქულა
- დანია – 9.3 ქულა
- ირლანდია – 9.2 ქულა
- ნიდერლანდები – 9.0 ქულა
- ლუქსემბურგი – 8.9 ქულა