SpaceX-ის ისტორიული რეკორდის მოლოდინში | უმსხვილესი IPO-ები მსოფლიო საფონდო ბირჟებზე

SpaceX-ის ისტორიული რეკორდის მოლოდინში | უმსხვილესი IPO-ები მსოფლიო საფონდო ბირჟებზე

ფოტო: intellectia.ai

 

გასულ კვირას ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) აქციების საჯაროდ განთავსებაზე (IPO) განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. წინასწარი შეფასებებით, SpaceX-ი აქციების საჯაროდ დალისტვას $75 მილიარდის მოზიდვით, კომპანიის $1.75 ტრილიონიდან $2 ტრილიონამდე ღირებულებით გეგმავს.

ცნობისთვის, ამ დრომდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა. ერ-რიადის საფონდო ბირჟაზე განთავსებისას, კომპანიამ $25.6 მილიარდი მოიზიდა.

საუდის არაბეთის Vision 2030-ის ინიციატივისთვის, Saudi Aramco-ს რეკორდული IPO გარდამტეხი მომენტი იყო. Vision 2030 ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ნავთობდოლარებზე დამოკიდებულების შემცირებასა და უცხოური ინვესტორების მოზიდვას ისახავდა მიზნად. მუჰამედ ბინ სალმანის მიერ 2016 წელს ინიციირებული გეგმის ცენტრში კი სწორედ Aramco იყო.

თუმცა, აქციების საჯაროდ განთავსებისას, Aramco-ს მოზიდული დაფინანსებაც კი სამჯერ ნაკლებია იმაზე, რის მიღწევასაც, არსებული ცნობებით, SpaceX გეგმავს.

მსოფლიოს უმსხვილეს IPO-ებს შორის მეორე ადგილზე ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba-ა. ჯეკ მას ელექტრონული კომერციის იმპერია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2014 წლის სექტემბერში დაილისტა და $25 მილიარდი მოიზიდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ტექნოლოგიურ სექტორში აქციების კიდევ ერთი მასშტაბური საჯარო განთავსება Facebook-ს (ამჟამად Meta) ეკუთვნის, რომელმაც $16 მილიარდი მოიზიდა. 2012 წლის მაისში, Nasdaq-ის ბირჟაზე კომპანიის დებიუტი ტექნიკური ხარვეზებით დაიწყო — აღნიშნულს აქციების ღირებულების ვარდნა მოჰყვა. ამის მიუხედავად, ცუკერბერგის კომპანიამ $38-ის ღირებულებით ჯამში 421 მილიონი აქცია გაყიდა და $104 მილიარდის საწყის ღირებულებას მიაღწია.

SoftBank Corp-ი ტოკიოს ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში დაილისტა და $21.3 მილიარდი მოიზიდა. მისი დამფუძნებელი, მასაიოში სონი, ტექნოლოგიურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე აზარტულ მოთამაშედაა მიჩნეული, მათ შორის ის Alibaba-ს ადრეულ ინვესტორთა შორისაც ეწერება.

ამავე სიაშია იაპონიის სახელმწიფო ტელეკომუნიკაციების გიგანტის, Nippon Telegraph and Telephone-ის მობილური განყოფილება NTT DoCoMo. კომპანიამ აქციები საჯაროდ 1998 წლის ოქტომბერში, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე დალისტა და $18.1 მილიარდი მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე NTT DoCoMo-ს დებიუტი მობილური ტელეფონების წარმოების გლობალურ ბუმს დაემთხვა.

მსოფლიოს უმსხვილესი IPO-ების სიაში გვხვდებიან ჩინეთის საბანკო გიგანტებიც. ამ ორგანიზაციების მიერ დიდი რაოდენობით დაფინანსების მოზიდვა შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დომინანტურები გახდნენ პეკინის ფინანსური ინსტიტუტები 2008 წლის კრიზისის შემდგომ წლებში.

Agricultural Bank of China-ს დებიუტი შანხაისა და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზე 2010 წლის ივლისში შედგა. კომპანიამ $19.2 მილიარდი მოიზიდა, რაც იმ დროისთვის უმსხვილესი IPO იყო. 2006 წელს დაილისტა Industrial and Commercial Bank of China — აქტივებით მსოფლიოს უდიდესი ბანკი — რომელმაც აღნიშნულ ბირჟებზე აქციების საჯაროდ განთავსებისას $19.1 მილიარდი მოიზიდა.

იმ კომპანიათა შორის, რომელთაც ბირჟებზე აქციების საჯაროდ განთავსებით ისტორია დაწერეს, კიდევ რამდენიმე მსხვილი ორგანიზაციაა. მათ შორის Visa, რომლის დებიუტიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის მარტში შედგა. კომპანიამ $17.9 მილიარდი მოიზიდა, რაც ინვესტორთა მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებდა მაშინ, როდესაც უოლ-სტრიტი ფაქტობრივად ჩამოშლის პირას იყო.

ამავე კრიზისის დროს თითქმის გაკოტრებული AIG-ის ნანგრევებიდან აღმოცენდა აზიური სადაზღვევო კომპანია AIA Group-ი. ამ უკანასკნელმა აქციები 2010 წელს, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე განათავსა და $17.8 მილიარდი მოიზიდა.

იმ შემთხვევაში, თუ SpaceX აქციებს საჯაროდ არსებული გეგმების შესაბამისად, $1.75-$2 ტრილიონის ღირებულებით განათავსებს, მასკის კომპანია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს დააფიქსირებს. ილონ მასკი კი, რომელიც SpaceX-ის აქციათა 43%-ს ფლობს, დიდი ალბათობით, მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდება, რომლის ქონებაც $1 ტრილიონს გადააჭარბებს.