ევროკავშირი აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების ამოქმედების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე გადასახადს შემოიღებს. დონალდ ტრამპის მიერ თებერვალში ხელმოწერილი განკარგულება ძალაში დღეს შევიდა.
როგორც ირკვევა, ევროკავშირი გადასახადების დაწესებას 26 მილიარდი ევროს (28.3 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე აპირებს. ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყებას გეგმას, ტარიფების მიღება კი აპრილის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.
„ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაცავად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „საპასუხო ზომები, რომელსაც ვიღებთ, არის ძლიერი, მაგრამ პროპორციული.“
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ტარიფების დაწესებას აშშ-ის ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე, ასევე ტექსტილზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გეგმავს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადასახადების დაწესება განიხილება ტრამპთან წინა სავაჭრო ომის დროს სატარიფო გეგმაში მოხვედრილ პროდუქტებზე, როგორიცაა ნავები, ბურბონი და მოტოციკლები.
შეგახსენებთ, გუშინ ტრამპმა კანადისთვის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დამატებით 25%-იან ტარიფების დაწესება გამოაცხადა, რომელიც გლობალურად დაწესებულ 25%-იანი გადასახადს დაემატება.