უნგრეთმა ვეტოზე უარი თქვა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დასთანხმდა. ცნობისთვის, EU-ს სანქციები 2400-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რეზოლუცია სანქციების ამოწურვამდე 48 საათით ადრე მიიღო. შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას მხარი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ერთსულოვნად უნდა დაუჭირონ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესის შეფერხება ერთი ქვეყნის ვეტოსაც კი შეუძლია. გასულ დღეებში EU-ს რეზოლუციას უნგრეთმა ვეტო რამდენჯერმე დაადო, თუმცა საბოლოოდ სანქციების გახანგძლივებას დასთანხმდა.
როგორც Euronews-ი რამდენიმე დიპლომატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, სანაცვლოდ უნგრეთმა შავი სიიდან რამდენიმე სახელის ამოღება მოითხოვა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისი მიღწეულ იქნა.
სანქცირებულთა სიიდან ამოღებული პირები არიან: გულბანორ ისმაილოვა – ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, ოლიგარქი ვიაჩესლავ მოშე კანტორი, რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარიოვი და ბიზნესმენი ვლადიმირ რაშევსკი. გარდა ამისა, სიიდან სამი გარდაცვლილი პირიც ამოიღეს.
„როგორც ვხვდები, ისინი გონს მოვიდნენ. მიხვდნენ, რომ პუტინის გვერდით დგომა საუკეთესო არჩევანი არ არის,“ – განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის დიპლომატმა უნგრეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.