უკრაინის გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დაინიშნა

უკრაინის გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დაინიშნა

16 მარტს, უკრაინის გენერალური შტაბის ახალ უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა. როგორც The Kyiv Independent-ი წერს, ის კიევის „სამხედრო რეფორმის“ ფარგლებში დააწინაურეს.

გნატოვმა, რომელიც აქამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნულ პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი გენერალური შტაბის უფროსის პოსტს 2024 წლის თებერვლიდან იკავებდა.

„ჩვენ სისტემატურად ვცვლით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისი საბრძოლო ეფექტიანობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. უმეროვმა აღნიშნა, რომ ანდრეი გნატოვი მისი რეკომენდაციით დაწინაურდა.

ცნობისთვის, გნატოვს სამხედრო სფეროში 27 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ის ადრე მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის აღმოსავლეთის ფორმირებას, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს.

უმეროვმა დასძინა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ბარგილევიჩი თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექტორად დაინიშნა. მინისტრის თქმით, მისი როლი სამხედრო სტანდარტების ზედამხედველობასა და შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის გაძლიერებას მოიცავს.

The Kyiv Independent-ის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, კიევი ადამიანური ძალის კრიტიკული დეფიციტის ფონზე მრავალ ფრონტზე ნელ-ნელა უკან იხევს. ქვეყანა არმიის მოდერნიზებას ცდილობს, რათა რესურსების მართვის კუთხით პრობლემები გადაჭრას და სხვა გამოწვევებს გაუმკლავდეს. გენერალური შტაბის უფროსის ცვლილებაც ამ გეგმების ნაწილია.