ტრამპი სამშაბათს პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს

ტრამპი სამშაბათს პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის ხვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ გაესაუბრება. „მე გავესაუბრები პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს. შაბათ-კვირას ბევრი რამ გაკეთდა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის განხორციელებული პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ აშშ-ის დელეგაცია საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციას შეხვდა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების პირობები განიხილა. მოგვიანებით, ამერიკული დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ბოლოს კი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

მხარეების მიერ საკუთარი წინაპირობების წარდგენის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს კიდევ ერთხელ გაესაუბრება, რათა სამშვიდობო პროცესში წინსვლის პერსპექტივები გამოიკვეთოს. გასულ კვირას აშშ-ის მიერ წარდგენილ ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებაზე უკრაინამ თანხმობა განაცხადა, რუსეთის პოზიცია კი ბუნდოვანია. პუტინის განმარტებით, ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ემხრობა, თუმცა „არსებობს ნიუანსები“. დიდი ალბათობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი აღნიშნული ნიუანსების განხილვასაც შეეხება.

ცეცხლის შეწყვეტის და სამომავლოდ სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, მნიშვნელოვანია ის მოცემულობა, რაც იმ დროისთვის ფრონტის ხაზზე იარსებებს. არსებული მდგომარეობით კი, რუსეთის შეიარაღებული ძალები ახლოს არიან უკრაინის მიერ რამდენიმე თვის წინ რუსეთის დასავლეთ რეგიონში დაკავებული კურსკის გათავისუფლებასთანაც. შესაბამისად, შეთანხმების მიღწევის გაჭიანურება ამ მოცემულობით, რუსეთის ინტერესებში უფრო შედის.