აშშ-მა უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის მართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა

აშშ-მა უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის მართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ კრის რაიტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებს შეუძლია უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის მართვა „თითქმის უპრობლემოდ“ გადაიბაროს, თუ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბირთვული ელექტროსადგურების ოპერირებაში ჩართულობა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ჯერ კიდევ ოთხშაბათის საუბრისას შესთავაზა.

რაიტის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში უმაღლესი დონის ექსპერტებს გაგზავნის, რომლებიც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აშშ-ის კომპანიების მხრიდან ზაპოროჟიეს მსგავსი ბირთვული ელექტროსადგურის შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. რაც შეეხება ზაპოროჟიეს – ევროპის უდიდეს ელექტროსადგურს – ის ომის დაწყების პერიოდიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

უკრაინის ელექტროინფრასტრუქტურის ოპერირებაში აშშ-ის ჩართულობა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის ოთხშაბათის სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, ამერიკის მფლობელობაში ამ ელექტროსადგურების გადასვლა საუკეთესო გამოსავალია უკრაინის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარი მხოლოდ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს შეეხო, აშშ-ის ჩართულობა კი, მხოლოდ ობიექტის „აღდგენაში“ მონაწილეობით შემოიფარგლება, რასაც მისი მოდერნიზაცია და ინვესტიციები მოჰყვება.

ხუთშაბათს ოსლოში გამოსვლისას ზელენსკი ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრად კატეგორიულიც იყო. მან თქვა, რომ „ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინელ ხალხს ეკუთვნის“. „თუ ის უკრაინის საკუთრებაში არ იქნება, მაშინ არც არავისთვის იმუშავებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში სულ ოთხი ატომური ელექტროსადგური ოპერირებს, ჯამში 15 ბირთვული რეაქტორით. რეაქტორებიდან ექვსი ზაპოროჟიეზეა, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ დახურულია. დარჩენილი ცხრა რეაქტორი სამ ელექტროსადგურზეა გადანაწილებული – რივნეს, ხმელნიცკისა და პივდენოუკრაინსკის – და კვლავ ფუნქციონირებს.